Sunday, February 22, 2009

ჩემი ქოხი მინდა

ძალიან მომენატრა სახლი, რომელიც არასოდეს მქონია და სახლი, რომელიც სახლიც არ ყოფილა.

ჩემი ბავშვობის საოცნებო ქოხი მომენატრა, ტყეში რომ  უნდა მდგარიყო და ძალიან მყუდრო და წყნარი ყოფილიყო.

კიდევ, ის ფიქრები მომენატრა, რომლებითაც მაშინ მქონდა თავი გამოტენილი და სადაც არ არსებობდნენ მოვალეობები, პასუხისმგებლობები, სამსახურები და გადასახადები. მით უმეტეს გლობალური დათბობა და გამრავლებული ტერაქტები.


ჩემი საკუთარი, ვაშლისჭამამდელი თავი მომენატრა, რომელსაც არ ჭირდებოდა წვალება და ტკივილი არსებობის უფლების მოსაპოვებლად.
ქოხზე ოცნება, ლინდგრენის წიგნები და გემრიელი ღვეზელებიც საკმარისი იყო  ბედნიერებისთვის.

მაშინდელ ჩემ თავს წარმოდგენაც კი არ ქონდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ მტკიცედ იცოდა, რომ რაც არ უნდა ეთქვა, სწორი იქნებოდა, იმიტომ, რომ პიროვნება იყო და პიროვნებებს, თავიანთი აზრები და შეხედულებები აქვთ.

დილას იმიტომ კი არ იღვიძებდა, რომ ათასი საქმე ქონდა მოსასწრები დაღამებამდე, უბრალოდ, დილაობით ჩიტები ისეთ ეტიუდებს ასრულებდნენ მის ფანჯრებთან, რომ მათი არმოსმენა ყველაზე ცუდი რამე იქნებოდა, რის გაკეთებასაც  შეძლებდა...(თან მზეც უყვარდა და ბალახზე ნამიც)

კიდევ, ის ადამიანები მომენატრა, მაშინ რომ ვიცნობდი და უგამონაკლისოდ ყველა კარგი იყო.
ვერ გავიგე, როგორ იქცნენ ის ხალხი ნარკომანებად, ქურდებად, წვრილმან ხულიგნებად და უბრალოდ , პრინციპების გარეშე მცხოვრებ ერად.

მაშინ მარტო ჩვენი მეზობელი ქალი არ იყო კარგი, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ არასოდეს არაფერს კითხულობდა და ვერ ხვდებოდა, საერთოდ რატომ კითხულობდა ხალხი და მარტო მე ვიტყუებოდი, დედაჩემის გასამხიარულებლად. სულელურ ამბებს ვიგონებდი ჩემ მეგობარზე და მერე დედა იცინოდა, მე რომ ამ ამბებს ვყვებოდი.თავიდან იჯერებდა, მერე აღარ.

მოკლედ,ის დრო მომენატრა,როცა მე რამდენიმენაირი არ ვიყავი და ერთდროულად არ მიწევდა თავის დამკვიდრებასა და იმაზე ფიქრი, რომ შემენარჩუნებინა ჩემი ბავშვობის საოცნებო ქოხში ცხოვრების უფლება.
და კიდე ის, რომ მაშინ ჩემ ლექსიკონში სიტყვა ,,მონატრება" უბრალოდ არ არსებობდა.