Sunday, May 31, 2009

budapest, ათასი ლამაზი ხიდის ქალაქი

არავინ არ იცის რატომ,მაგრამ კარგა ხანია მინდოდა ბუდაპეშტში წასვლა,მაგრამ როგორც ხდება ხოლმე,


ხან ფული ან მქონდა, ხან დრო და ხან წვიმდა...

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში სრულიად შემთხვევით ზომაზე უფრო ხელსაყრელი მარშუტი ვიპოვე, ოჯახში ვთქვი შაბათ-კვირას ნასტასია  არ არის თქოო, ჩავალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა, გამოვიძახე ტაქსი და შუაღამისას ავიღე სტარტი...

შემთხვევითობის წყალობით ტაქსისტი უნგრელი აღმოჩნდა და კარგი ვრცელი ლექცია წამიკითხა უნგრეთზე...


როგორც ეს ჩემი გადმოგერმანელებული უნგრელი ირწმუნებოდა, უნგრული თვით გერმანულზე უფრო რთული ენაც კი ყოფილა, 36 თუ კიდევ  მეტი ასო აქვთ და საკომუნიკაციო ბაზისისთვისაც ჩვეულებრივზე მეტი ლექსიკური ერთეული გჭირდება...

მაგალითად სახლის აღსანიშნავად ორი სხვადასხვა სიტყვა ქონიათ...ანუ, ენა საშუალებას აძლევს რომ  როცა უნგრეთშია, მაშინაც სახლში იყოს და როცა გერმანიაში, მაშინაც...

ვკითხე არ გენატრება ხოლმე იქურაობა და დაბრუნება არ გინდა-თქოო?
13 წლის მერე რაღა დროს მაგაზე ფიქრიაო...

მე კიდევ,  სულ მეგონა რომ  უნგრულს სლავურთან რაღაც კავშირი უნდა ქონოდა.  როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად...
ტაქსისტის მტკიცებით, უნგრელები ფილნელებთან ერთად ადრე როდესღაც ციმბირიდან წამოსულან, მაგრამ მერე ფინელები იმდენად შორს გადახვეწილან, რომ ახლა მონათესავე ენების გარდა ყველაფერი ქვია ფინურს და უნგრულსო...(რამდენად მართალია, თავს ვერ დავდებ, მაგრამ უფრო სანდო წყაროს მოძებნის თავი და სურვილი აშკარად არ მაქვს)...


მოკლედ,უნგრულის სწავლას ისედაც არ ვაპირებდი და ამხელა ექსკურსის მერე ხომ სულ გადავიფიქრე...:)))

ახლა ბუდა და პეშტი...
დიდი და ბევრ სივრციანი...
ეს დუნაი იმხელაა, ისე არხეინად არი გაწოლილი შუაში და ისე მშვიდად მოედინება, სულ რომ არ გინდოდეს, მაინც საოცარი სივრცის შეგრძნებას ტოვებს....

ყველაზე დიდი და ლამაზი შენობა, რომელმაც გუგლში თვალიერებისას მომხიბლა, პარლამენტის აღმოჩნდა...
მაგის წინ დუნაი და კიდევ იმის წინ ჩემი ოთახი...

ხო, რაც შეეხება შენობებს და არქიტექტურას, კი ბატონო, ძალიან ლამაზი და მაგარია,მაგრამ ჯერ ერთი ძალიან ცენტრალური ნაწილის გარდა უხვად მოიპოვება დაჭმულფასადიანი, ჩამოძონძილ-ჩამოკონკილი შენობები და მეორე: ამ ვეებრელა შენობების უმეტესობის სადარბაზოები პირდაპირ ქუჩიდან იწყება და ჩემნაირი მობომჟო სულის ადამიანებისთვის საყვარელი კიბეები , სადაც შეგიძლია ჩამოჯდე და დალიო, მოწიო, ქალაქს და გამვლელებს უყურო ან სხვა ათასი ჯანდაბა აკეთო, თითქმის არ მოიპოვება...

თან საღამოს წვიმამ დაიწყო, ადრე ოთახში ასვლა არ მინდოდა და თითქმის ნახევარი საათი მომიწია ბოდიალმა, სანამ კიბეებიანი შენობა ვიპოვე და მთლად ისეთი მაინც არ იყო, როგორსაც ვისურვებდი :(((((((

ხო, შენობები ერთადერთი პრობლემა არ იყო...

ჩემ საყვარელ მაკდონალდსში-ში და ბურგერ კინგში (სადაც  ვიკვებები ხოლმე, როგროც წესი, უცხო ქალაქებში), სასტიკი უარი განაცხადეს ევროზე და კიდევ ერთი ნახევარი საათი ევროსადმი კეთილგანწყობილი კაფის ძიებაში გავატარე...

ისე, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბუდაპეშტი საკმაოდ არაძვირი ქალაქია...

ხოოოდა, ეგ შანსი გამოვიყენე და ბლომად საყვარლობები ვიყიდე ;)))

საღამოს რაღაც მოინდიელო ტიპები ვნახე, ქუჩაში უკრავდნენ ეგზოტიკურ საკრავებზე საკმაოდ მხიარულ და კარგ მუსიკას და ზუსტად სათანადო ადილად მივიჩნიე ჩემ ჩანთაში არსებული ლუდის მარაგის მუსრის გასავლებად...



დღის ბოლოს, ზომაზე უფრო დაღლილი აღოვჩნდი ღამის ქალაქის გადასაღებად და ტკბილი ძილით დავიძინე დილის 7 საათამდე, რომელიც ჩემი მასპინძელისთვის ზომაზე უფრო დილა აღმოჩნდა ...დაპირებული ყავის სახლში ლოდინი დამეზარა და წინა დღეს არნანახი ციხის სანახავად გავეშურე და იქვე საბოლოოდ გადავწყვიტე რომ ბუდა ბევრად ლამაზია, ვიდრე პეშტი...

კიდე ერთი დასკვნა: თითქმის არაფერი არ ვიცოდი ამ ქვაყანაზე...ყველა ძეგლი და ყველა მემორიალური დაფა ჩემთვის არაფრისმთქმელ სახელებს შეიცავდა...მერე დავფიქრდი, ვინ ვიცი უნგრელი თქოო და არც არავინ...ან ვინმე ვიცი და არ ვიცი რო უნგრელია :))

საბოლოოდ ერთი-ორი ნაცნობი აფიშებზე ვიპოვე : ვიღაც ტიპი, რომელსაც ადრე ვუსმენდი ხოლმე, დემის რუსო, რომელსაც დედაჩემი უსმენდა ადრე და ლენი კრავიცი, რომელსაც რაღაცატომ არც ერთი არ ვუსმენთ, მარტო ის ვიცი რომ მაგარ ვილაში ცხოვრობს და სექსუალურ ტიპად ითვლება...