Thursday, November 12, 2009

მრავალკუთხედი

თუ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფრაზას გავიხსენებ და ვიტყვი, რომ ”ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება”, ისიც უნდა დავამატო, რომ პირველად მომხდარი ყოველთვის უფრო გემრიელია.
ჩემთვის დღესაც პირველად ხდება რაღაც - ვწერ სხვის ბლოგზე- რაღა სხვის, პრინციპში ისე შემოვეჩვიე აქაურობას და გავშინაურდი, მყუდროდაც კი ვგრძნობ უკვე თავს. ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და საყვარელ ადგილას სტუმრობა რა გასაკვირია , მიხაროდეს :)
მართალია, ნასტასიამ დრო ბევრი მომცა- როცა გინდა დაწერეო და თემატიკაც ფართო- რაც მოგესურვილებაო, მაგრამ დღეები გადიოდა და მე მხოლოდ ღამით და ტრანსპორტში შემეძლო მეფიქრა დასაბლოგ თემაზე.

ვფიქრობდი
ხომ არ დამეწერა ყოფიერებასა და ცნობიერებაზე, რადგან ამის შესახებ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ხოლმე - რომელი რომელს განსაზღვრავს, ყოფიერება ცნობიერებას, თუ ცნობიერება -ყოფიერებას და ან რა ხდება იმ დროს, როცა რომელიმე მათგანი დომინირებს და როდის რა შედეგს ვიღებთ.
ან დამეწერა რეალობაზე, რომელიც ვფიქრობ, ცალკე განყენებულად არ არსებობს და ყველას ჩვენი გვაქვს, იმის მიხედვით როგორადაც აღვიქვამთ, დროთა განმავლობაში რა ახდენს გავლენას და როგორ იცვლება ჩვენი რეალობები, როდესაც სხვისას უერთდება, ან ეჯახება, ან იკვეთება და ა.შ.
ან დამეწერა სუბიექტურობასა და ობიექტურობაზე, რომ მხოლოდ სუბიექტურად შეიძლება მივუდგეთ საკითხებს და არავინ იცის სინამდვილეში სად არის ობიექტურობა, რადგან ობიექტები არ ვართ- ჩვენ სუბიექტები ვართ და მხოლოდ ასე შეგვიძლია განვიხილოთ სუბსტანციები.
ან დამეწერა სამართლესა და სამართლიანობაზე, მათ საზღვრებზე. რამდენად სამართლიანია ადამიანები განიხილო თანაბრად, როდესაც ყველას თავის ინდივიდუალური გარემო აქვს და ყოველი მათგანი თავისებურად მართალია. სულ მინდა დავუკვირდე იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. ცუდ ქმედებებს ჩადიან - მკვლელებს, ქურდებს, ან უბრალოდ გულქვა ადამიანებს - გულის სიღრმეში იციან და აცნობიერებენ რასაც აკეთებენ და უბრალოდ თავს ამის უფლებას აძლევენ, თუ მართლა ამ კუთხით ხედავენ და ასე სჯერათ. ბოლო ვარიანტის მიხედვით, საბრალონი არიან და არა განსასჯელნი, ან საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანმა ადამიანი განსაჯოს, დააპატიმროს, ერთადერთი ცხოვრების წლები გამოკეტილ უცაო ოთახში გაატარებინოს - ზოგჯერ იმდენად უტოპიურად ვუყურებ ამ საკითხებს, როცა კი ვინმეს ვუმხელ, იშვიათად რომ დავითანხმო და ჩემი სიმართლე დავაჯერო.
და მახსენდება კისელოვსკის ფილმიდან ყოფილი მოსამართლის მონოლოგი, როდესაც საკუთარი ცხოვრების და წარსულის შესახებ საუბრობს- როგორ შემეძლო გამესამართლებინა ყაჩაღი, მკვლელი, თაღლითი, ისინი ხომ ყოველ ჩვენგანში არიან, მის ადგილას არასდროს ვყოფილვარ, არ დამჭირვებია, თორემ არ ვიცი, შესაძლოა მეც იგივე გამეკეთებინა, ან მასზე უარესიც-ო. შესაბამისად სამართლიანობა ძალიან პირობითია და ყოველ ქმედებას და ინდივიდს აქვს "გამართლება", უსიამოვნო შედეგისა და ფაქტების მიუხედავად.
ან ხომ არ დამეწერა იმაზე, რაც მაკვირვებს [კაი ხანია ვამბობ, იმდენი რამ მოხდა,ასე მგონია აღარაფერი გამაკვირვებსმეთქი, მაგრამ მაინც არ ილევა და ”არ გაივლის დღე, არ დატოვოს სიტყვა ცივი”] მიკვირს თუნდაც ეს მარტივი რამ- თითქმის ყველას აქვს სიყვარულის, სიკეთის, პატიოსნების, გულითადობის დანაკლისი, ყველა ეძებს ამას სხვაში, საკუთარ თავში კი ამ თვისებების არსებობაში მყარად დარწმუნებულია - მაშინ რატომღაა ამდენი დანაკლისი, ამდენი მწუხარება, რატომ ვერ ხედავენ ერთმანეთს და მხოლოდ დირეებს რატომ ამჩნევენ თვალებში. კიდევ მაკვირვებს, რომ ყველა ადამიანს თავი განსაკუთრებული ჰგონია და სულ ამის მტკიცებაშია. მაკვირვებენ ჯანსაღი თვალის მქონე, მაგრამ ბრმა ადამიანები, სმენის მქონენი, მაგრამ გაუგონარები, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავებისთვის, ან მხოლოდ შემოღობილ სივრცეებში, ან ისინი, რომლებიც ცხდილობენ სხვებს დაუდგინონ ნორმები, საზღვრები, შეზღდუვები და მიკვირს მათიც, რომლებსაც სხვისი სიხარულის გაზიარება არ შეუძლიათ ან საერთოდ გაზიარება არ შეუძლიათ.
ან დამეწერა ზოგადად სინანულზე, ადამიანში მის წარმოქმნაზე და იმაზე ვსწავლობთ თუ არა გავხდეთ უკეთესები, მიემართება თუ არა ყველაფერი უკეთესობისკენ და კანდიდისთვის სულიც მეხსენებინა და ცოტა იმაზეც მეთქვა, აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანის წინასწარ განწყობას და მოვლენების განვითარებას ერთმანეთთან.
ან დამეწერა ადამიანის ტემპერამენტებზე და იმაზე, თუ რით განისაზღვრება რომელი უნდა დომინირებდეს ჩვენში, თავად ვანვითარებთ, თუ რაც "ჩადებული" გვაქვს, ის თავისით ვითარდება და არაფერსაც არ ვირჩევთ და აქვე ცოტა ფატალიზმსა და არჩევანის თავისუფლებაზეც მეთქვა - ყველაფერი დადგენილია თუ არა წინასწარ, ან იქნებ ისიც გადაწყვეტილია, რაც უნდა ავირჩიოთ და მერე ჩვენი არჩევანი გვგონია. ხანდახან, როცა რამე დილემის წინაშე ვარ და არჩევანის გაკეთება მიხდება, თითქოს ვცდილობ, ბედისწერას (თუკი არსებობს) მივუხვდე და გამოვიცნო, იქნებ დავუძვრე და სხვანაირადაც იყოს გზა და როცა ბედისწერაზე ვფიქრობ, რა დროც უნდა გავიდეს, მაინც მახსენდება ერთი პიესა, რომლის არც სახელი მახსოვს, არც ავტორი [მგონი ქართველი უნდა იყოს], ასე, 4 წლის წინ მე და ჩემი მეგობარი ჰამაკებში რომ ვიხსედით და რიგ-რიგობით ვკითხულობდით - მთავარ გმირს სჯეროდა, თუ ყველა ვარიანტს სწორად გათვლიდა, ის არ მოხდებოდა, რადგან ბედისწერას მისი მოტყუება სურდა. გმირი გამუდმებით იმეორებდა ერთ საინტერესო ფრაზას - "წინათგრძნობა არასდროს შეესაბამება რეალობას"- საკანში გამოკეტილი და სასიკვდილო განაჩენის მომლოდინე ტუსაღი მთელ დღეებს განაჩენის გამოცნობაში ატარებდა, განიხილა ყველანაირი არასასურველი სავარაუდო შედეგი და გათვალა ყველა შესაძლო ვარიანტი, მაგრამ მაინც ვერ აჯობა - განაჩენის დღეს მას უთხრეს, რომ ბრალეულობა მოეხსნა და გაამართლეს- ეს ვარიანტი განხილული არ ჰქონდა და შესაბამისად, ბედისწერასთანაც წააგო - გული გაუსკდა. ისე ჩამრჩა ეს პიესა, მართალია, წინასწარ დადგენილი ბედის არ მჯერა, მაგრამ მას შემდეგ იმას კი ვფიქრობ, რომ ბედისწერაც მოთამაშეა და ხშირად ერთობა მხარდამხარ :)


ჰოდა, ვფიქრობდი რომელზე დამეწერა და განმევრცო და ვერ გადავწყვიტე, ცოტა აბდაუბდასავით კი გამოვიდა, მაგრამ სამაგიეროდ, ფიქრი შევფუთესავით :)))))))) ესეც პირველი მრავალკუთხედიანი სტუმრობა, 'ფეხი ჩემი, კვალი -ანგელოზისა', თუ რაღაც ასე.. :D :D


ესეც ბონუსად ნასტასიას ბლოგს
საყვარელთაგანი
შაგალი, ანგელოზების ხეობა :">


p.s. ბაბისასგან :))))