Saturday, November 21, 2009

არ ვიცი რატომ ხდებიან ჯორჯები პაიკები,მე ვიცი რატომ უნდა გააკეთო ჯორჯ პაიკთან ინტერვიუ

თვეში ერთხელ რომლიმე თქვენგანთან ჩემი მეილი რომ მოვა ხომ იცით?
ასევე თვეში ერთხელ რომელიმე ბლოგერთან ერთად რომ დაგხვდებით,ეგეც ხომ იცით?


ამჯერად მე და ჯორჯ პაიკი ვართ ერთად...
პაიკის ბლოგი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია,თავიდან იმდენად ხშირად ვამბობდი ხოლმე,აუტანლად კარგად წერს თქო,კინაღამ მე გავხდი აუტანელი :D


როცა ვუთხარი,ინტერვიუ ამ თვეში შენთან მინდა გავაკეთო თქო,შევპირდი,რომ მარტო ბლოგერულ ამბებს ვკითხავდი,მაგრამ როგორც თვითონ თქვა ინტერვიუს ბოლოს,მაინც გადავედი ბლოგერული კითხვების საზღვარს,არადა,მე ძალიან მაინტერესებდა რა აჩუქა თავის ძველს შეყვარებულს,რომლის დაბადების დღეზეც ბლოგი გახსნა,რატომ არუნდა უშვებდნენ ქალები ცხვირიდან სიგარეტის ბოლს,რას იფიქრებდა,ხვალ რომ ბარსელონაში მიდიოდეს, როგორია იდეალური ფორმის დივანი და რას ფიქრობს ხოლმე,როცა ვინმე ეუბნება რომ აუტანლად კარგად წერს...


nastasia : გარდა იმისა რომ წერის პროცესი სასიამოვნოა,აღმოაჩინე რამე სხვა სარგებლობა ბლოგისგან?
ჯორჯ პაიკი:დავიწყოთ იქიდან რომ ზოგჯერ წერაც არ მსიამოვნებს, ისეთი ნიჭიერი არ ვარ რომ ცუნამივით გადავუარა კლავიატურას და 20 ჭუთში რაღაც ნორმალური დავწერო, როცა ნორმალურად წინადადებას ვერ ვაწყობ ძალიან ვიღლები. ამ ბოლო დროს კი ”რომ”-ები გადამეკიდნენ, აი, უკვე ორჯერ ვიხმარე ეგ სიტყვა... მოკლედ, შეიძლება ითქვას ტანჯვისგან ვიღებ სიამოვნებას. :) გარდა მაგისა ის მომწონს ამ საქმიანობაში რომ თავს ვაიძულებ რაღაც გავაკეთო. უფრო სიღრმისეულად არ მიფიქრია ამ თემაზე. 

სულ მგონია ხოლმე, მთელი დრე წიგნებით გატენილ ოთახში ზიხარ და კითხულობ...და მერე,როცა კომპი უკვე ძალიან საცოდავ სახეს იღებს,მოწყალე სახით რთავ და ბარემ ბლოგზეც რამეს პოსტავ. . .
ეგ ჩემი სცენარია და შენი დღის შენეული სცენარი როგორია?


 როგორი იმიჯი შემქმნია. :) რეალურად ყველაფერი პირიქითაა - მთელი დღე ინტერნეტში ვზივარ, (პარკეტი აიყარა სკამის ქვეშ) იმ ოთახში კი სადაც ახლა ვარ ერთ წიგნსაც ვერ ნახავ საწერი მაგიდის უჯრას თუ არ გამოხსნი. ჩემთვის ჯერ კიდევ ახალი ხილია ინტერნეტი და ამის გამო წაკითხული წიგნების რაოდენობამ მოიკლო. დღის სცენარი ძალიან ერთფეროვანია... ბოლო ათი დღის მანძილზე მგონი დღეს პირველად გავედი ქუჩაში, ისიც დაკრძალვაზე წავედი, სამაგიეროდ ვირტუალურ სივრცეში ხდება რაღაც-რაღაცეები... ეს უკვე კარგია.
 
დედოფლები წითელი ფეხსაცმელებით დადიან?
როგორ გითხრა აბა, მე ეგ დედოფალი არ მინახავს და. ისე, ეგ აუცილებელი სულაც არ არის, მთავარია შიგნიდან იყოს ფერადი. :)პაციფისტები კიდევ რისთვის იბრძვიან დედოფლის ბედნიერების გარდა?
 დედოფლისთვის ბრძოლა ცოტა გგონია ნასტასია? ეგ ყველაზე რთული ბრძოლაა სხვა ბრძოლასთან შედარებით.
როგრო გამოიყურება შენთვის ბედნიერება?
გამიჭირდე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. შეიძლება წამიც საკმარისი იყოს, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებს, მერე კი თანამგზავრივით მის გარშემო იტრიალებ.

ანუ პაიკი დედოფლის ბედნიერი წამისთვის იბრძვის?
მარტო ერთი წამით დაკმაყოფილება არ ივარგებს, უბრალოდ სულ არაფერს ერთი წამი მაინც ჯობია. 
ქინძს და ოხრახუშს კიდევ ვერ ასხვავებ ერთმანეთისგან,თუ გიშველა პარფიუმერის მეთოდმა?წელს აღარ გავუგზავნივარ არავის ბაზარში მწვანილის საყიდლად და ვერ გამოვცადე ეგ მეთოდი. სამაგიეროდ ვენახში საქონლის ნეხვის შეტანამ მომიწია მიწის განაყოვრების მიზნით და ისეთი არასასიამოვნო სუნი დატრიალდა... სულ აღარ მშურს პარფიუმერის ნიჭის. ადრე რატომღაც აღარ გამახსენდა რომ ამ ქვეყნად უამრავი სიმყრალეა.
სამაგიეროდ ახლად დაწურულ ღვინოს უდიოდა კარგი სუნი. . .
შენ კი მაინც ზომბებზე ფიქრობდი...

 ფიქრი უკვე კარგია. საერთოდ ჩვენ გვეზარება ფიქრი, ასე მგონია, ზომბიც მეტი არაფერია - არსება რომელიც არ ფიქრობს და აქედან გამომდინარე არანაირი აზრი არ გააჩნია. რამოდენიმე თვის წინ ერთ საიტზე გამოკითხვა ვნახე, სულ ორი ვარიანტი იყო რომლიდანაც ერთი უნდა აერჩია მოპასუხეს, პირველი: ვჭამ იმიტომ რომ ვიცოცხლო; მეორე: ვცოცხლობ იმიტომ რომ ვჭამო; იყვნენ ადამიანები რომლებიც მეორე ვარიანტს ირჩევდნენ, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ალბათ მსგავსი პრინციპებით ცხოვრება უფრო ადვილია და მაგიტომაც ხდებიან ადამიანების გარკვეული კატეგორია ზომბები.
შენ როცა გკითხულობ ხოლმე,სულ მგონია რომ ძალიან თუ არა,საკმაოდ ჭკვიანი ხარ,საინტერესო და მოკლედ,ეგეთი ,,მგონიები'' მაქვს და მერე შენ ამბობ ხოლმე,შეუმჩნეველი ვარო,ინტერვიუსთვის რამდენად საინტერესო ვარ არ ვიციო...
მეჩვენება თუ შენ არ აღიქვამ შენ თავს ადეკვატურად?
(იუპს,მგონი ცუდი ჟღერადობის კითხვა დაგისვი :(
ამჯერად იმდენი ჭკუა მეყოფა რომ ჩემს გონიერებაზე ბევრი არაფერი ვთქვა. :) ერთს ვიტყვი მხოლოდ, რამოდენიმე წიგნის წაკითხვა დიდ რამედ არ მიმაჩნია, სურვილი კი მაქვს ჭკვიანი რომ ვიყო. შემჩნევა ვერ შემჩნევას რაც შეეხება ეგ ნახევრად ხუმრობით ვთქვი როცა ჩემ პოსტში თავი დიდროს შეუმჩნეველ დეიდას შევადარე. უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებიც ხალხის ყურადღების ცენტრში ვერ ხვდება, რაც არანაირ პრობლემად არ მიმაჩნია, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ რომ ზედმეტად არავის არ მოვედო თვალებში. 
შენთან ყველაზე ხშირად ფიგურირებადია წიგნები და ქალები. . .
კიდე გაქვს სხვა ამოჩემებულობები? 

განსაკუთრებული ამოჩემებები არ მაქვს, მაგრამ მაგ სიას შეიძლება ბარსელონა დავუმატო, როგორც ქალაქი, ასევე საფეხბურთო გუნდი. ვცდილობ უფრო მეტი რამ გავიგო მაგის გარშემო. რაღაც ხომ უნდა მაინტერესებდეს. არ არის გამორიცხული მომავალში კიდევ დაემატოს რამე. 
როგორია პაიკად ყოფნა?
 უხ, ძალიან ძნელი. :)

p.s.მადლობა ჯორჯს,ჩემთვის როგროც მოსალოდნელი იყო,საინტერესო გამოვიდა,ზუსტად ამიტომ უნდა გააკეთო ინტერვიუ ჯორჯ პაიკთან:)