Thursday, December 24, 2009

ეიფორიული მე, ახალი წელი და ზღვა



ეიფორიული მე ისევ ძალაშია. სულ სადღაც ვარ, ვიღაცეებთან ერთად და ან მე ვხდები ვიღაცა, ან ვიღაცეები ,,ჩემები''.
წელს პირველად ძალიან მინდა საახალწლო გარემო მთლიანად აღვიქვა, ჩავება მზადებაში და განწყობა მოვათრიო საიდანღაც,
ის ზღაპრებიც მაგიტომ გთხოვეთ, ნაძვის ხესაც მაგიტომ დავდგამ და სასიამოვნო დღეებსაც მაგიტომ დაველოდები.

 ეიფორიული მე არსაახალწლოდ ეიფორიულია.

დღეს მთელი დღე ტილოს კაბით და ნიჟარებიანი სამკაულებით ვიარე და საღამოს მივხვდი, რომ ახალი წელი კი არა, ზღვა, მზე, ხმაური, სიცხე, სიწითლე და ქვებით თამაში მინდოდა.
სისულელეა, მაგრამ მინდა არ წვიმდეს, მაშინ როცა თოვლი მინდა. . .
მინდა არ ციოდეს მაშინ, როცა სიცივის ალერგია მაქვს...
ნიჟარები ნაპოვნი კი არ მქონდეს და მოთვინიერებული, ახლა ვეძებდე. . .
და ახალი წელი იმიტომ კი არ მოდიოდეს, რომ ყველაფერი მორთულია, ბრჭყვინავს და პირველი იანვარი მოდის, იმიტომ, რომ მთელი ჩემი არსება გრძნობს სიახლეებისადმი არანორმალურ მზაობას, მინდა რომ რამეები ვაკეთო, კარგად ვაკეთო, ბევრი ხალხი მყავდეს, ვისაც სიამოვნებით მოვუსმენ,  ასეთი თბილი ვიყო ხოლმე, დეკემბრის ბოლოს ტილოს კაბაში რომ არ მციოდეს, როცა მეუბნებიან, გაიზარდე და შეიცვალეო,სულ ვპასუხობდე, რომ მე ვერ ვხვდები და როცა ვიცი რომ ზღვაზე მინდა, არ ვთქვა, რომ ახალი წელი ახლოს არის. . .  იდეაში ყველაფერი ახლოს არის. . .
მინდებიც ახლოს არის ალბათ.

პ.ს. ჩემმა მეგობარმა მითხრა,  არაჩვეულებრივად ეთავხედები მომავალსო.
არადა,  უბრალოდ მინდა მჯეროდეს ხოლმე, რომ  ახალი წლები მართლა მოდის და ის მარტო ბრჭყვიალა დეკორაციები არ არის.