Saturday, December 26, 2009

ათვლის წერტილი არ მახსოვს

ათვლის წერტილი არ მახსოვს,მახსოვს რომ წერტილს წერტილობა მოწყინდა,გაიდღაბნა, ლაქა გახდა და ციფრებმა მნიშვნელობა დაკარგეს...

ლაქა წესით ფერადია...
დღეებიც...ფერადი დღეების დათვლა უფრო ადვილიცაა...
სად დღე მეექვსე და სად აგურისფერი დღე მუქი ლურჯი დღის შემდეგ რო გათენდა. ..
დღეები ბევრია,მაგრამ საკმარისი თითქმის არასოდეს,ისევე როგორც სხვანაირი. . ..
სხვანაირები ,,სხვები’’ არიან, ჩვენს გვერდით თანაცხოვრობენ და ჩვენი მთელი სხვადასხვა ფერის დღეებით და …უწერტილი მოქმედებებით მათგან სუვერენიტეტს ვითხოვთ. . .
ისინი სანაცვლოდ აღიარებას და მერე ისევ ვაგრძელებთ ცხოვრებას. . .
პრინციპში ჩვენ რას ვაგრძელებთ,ცხოვრება გრძელდება,ოღონდ ძალიან უცნაური თავისუებურებით,რაც უფრო მეტად გრძელდება,მით უფრო მოკლდება. . .
ზოგისთვის სულაც მთავრდება. . .
დამთავრება წერტილივითაა,ოღონდ ლაქად გადაქცევის შემთხვევაში ვერ გაფერადდება...წერტილის ფერია და დანაკარგის გემო აქვს. . .

დანაკარგები ცუდია,არ მიყვარს და მეშინია. . .
დანაკარგები მშრალ არგუმენტებზე და ფაქტებზე უფრო ცუდიც კია...
ფაქტები და არგუმენტები ერთად მე მგონი იმიტო გამახსენდა,რომ მამა ჩემი ბავშვობის პარალელურად ძალიან ხშირად კითხულობდა რომელ რუსულ გაზეთს,თქვენც მიხვდებით. . .
მე რუსულად ნელა ვკითხულობ,გაზეთებს საერთოდ არ და მამა მინდა,ახლოს, ჩემთან, დიდხანს და ბევრსალაპარაკოდ. . .
არადა,მამა ძალიან ცოტას ლაპარაკობს,სამაგიეროდ ძალიან გულიანად იცინის და ვერ იტანს,როცა ჩემზე ვინმე რამე ცუდს ამბობს. . . თუნდაც ფაქტი იყოს. . .

მე არ ვიცი ხოლმე,როგორ ვხდები ფაქტი,მაგრამ ვიცი, დღევანდელი ფაქტები:
დღეს შემოდგომის გაზაფხულივით დღე იყო,ახლა უკვე  ღამეა და ფეხები მაქვს გაყინული. . .
აქ ყველას გაყინული ფეხები აქვთ,იმიტომ რომ ყველა გაზაფხულივით შემოდგომის დღეს გამოვიდა გარეთ და საღამოზე მოახლოებული ზამთრის სუსხმა დააწიოკა მანამდე თბილი ფეხები. . .
მაგრამ ფეხები ისეთი მნიშვნელოვანი არ არის,როგროც ის,რომ 20 წუთში ავტობუსი მოვა,ერთ საათში მეგობართან ვიქნები და ორ საათში ჩვენთან ერთად იქნება პირველი დაცლილი ბოთლი. . . მერე ალბათ ან ერთმანეთს მოვუსმენთ,ან რამეს,ან ღამეს და დილას ერთად მოვიდუღებთ ყავას. . .
მერე ტბაზე ჩავალთ, იხვებს გამოვკვებავთ საუზმიდან დარჩენილი ფუნთუშებით და ვიტყვით რომ უკვე მალე შობა მოვა. . .

წელს მე ჩემ შობას ჩემებურად შევხვდები,ღამის თევით და მეორე დღეს ალილოთი,ჩემი მეგობარი არაჩვენებურ შობას შეხვდება,ნაძვის ხის ქვეშ დახვავებული საჩუქრებით და სულელური სიმღერით ნაძვის ხეზე. . .

თოვლი მინდა,იცით ვინმემ თოვლი როდის მოვა?
,არა,ავტობუსი მეც ვიცი რომ უკვე 10 წუთში მოვა. . .
ისე,რამდენი რამეა,რაც არ ვიცი. . .
მაგალითად არ ვიცი გამრავლების ტაბულა, კონტიტუციის ძირითადი მუხლები და კიდე,კაკლის მურაბის გაკეთება. . .
არც ის,ბოლოს როდის ჩავხედე ადამიანს თვალებში და დღეს საღამოს რამდენი ცარიელი ბოთლი დაიძინებს ჩვენთან ერთად. . .

ხო ვამბობ,ციფრებმა მნიშვნელობა დაკარგეს თქო. . .
რამდენი ხანია რამდენ სისულელეს ვლაპარაკობ?
იმიტომ რომ არავინ მელაპარაკებით,თორე მოგისმენდით…

ეგრეა:
მელაპარაკე-არამარტო მოგისმენ,დაგიმახსოვრებ
მითხარი- და მოგიყვები ლამაზ ამბავს ნებისმიერ თემაზე. . .
გამიღიმე- არა,რა,მე ცოტა მეტი მინდა
გამიცინე-აი,ზუსტად ეგ მინდოდა...ერთად ვიხარხაროთ დიდხანს. . .
გამომიგონე – დაგესიზმრები
მეთამაშე- გებავშვები
შემომიჩნდი-დაგემჩნევი
მომაწევინე-გაგიღრუბლდები
მეძილისწინე-გაგიმზიანდილავდები
დამათარიღე-დროში შენთან ერთად დაგეკარგები. . .
გადამწერე-დაგამახსოვრდები
გამაფერადე-გემხიარულები

p.s.წამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე,ავტობუსის გაჩერებაზე დავწერე და ვფიქრობდი,იმავე საღამოს დამედო აქ,მაგრამ სხვა რამეებზე გადავერთე... მერე დროში აცდენილივით იყო და ახლა დავდებ,მაინც შობაზე და ჩემ მოტხოვნებზეა და კიდე,ის ჩემი მეგობარი,ვისთანაც მივდიოდი,უკვე მომენატრა...