Tuesday, December 15, 2009

დარიჩინის გოგონა



 ნასტასიას ჩარჩოები არ უყვარს,სამაგიეროდ ის რიტუალები უყვარს,რასაც თვითონ იგონებს დაჩარჩოებული გარემოს ალტერანტივად. . . რუტუალებია ჩაის სმა და დღესასწაულების წინ განწყობის შექმნა,რიტუალია სახლიდან გასვლა და თავგადასავლები,რიტუალია წერილების წერა და გემრიელი ლაპარაკი. . .

უკვე მესამე თვეა,რიტუალია რომელიმე ბლოგერთან ინტერვიუც. . .
ამჟამად დარიჩინის გოგოსთან,რომელიც ჩემი საყვარელი დღესასწაულის ასოციაციას მიქმნის,ყოველი წერილის ბოლოს ჩაიზე მეპატიჟება და რომელიც რაღაცატომ ისეთ რამეებს ამბობს,რასაც მეც სიამოვნებით ვიტყოდი. . .და რომელიც გამუდმებით უსაყვარლეს წერილებს წერს...



nastasia: პირველად შენ რომ გიპოვე,ამ სამყაროში სულ რამდენიმე ადამიანს ვცნობდი...დარიჩინის სუნმა მომიზიდა თუ კარამელის სიყვარულმა,ახლაც არ ვიცი...მაგრამ ვიცი რო მაშინ ვიფიქრე,შენ სავარაუდოდ ,,ჩემი'' ადამიანი იყავი...

როგორები არიან ,,შენი'' ადამიანები?



. darichinis gogo:მმმ... იცი, ძნელია ასე გადაჭრით ვთქვა, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი – გონება უნდა ჰქონდეთ გახსნილი განსხვავებული მოსაზრებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვისაუბრებთ...
დარიჩინზე სულ აღდგომა მახსენდება და უგემრიელესი პასკები...

რაა შენი დღესასწაულები?


 კალენდრული დღესასწაულებიდან – აღდგომა. მართლა ყველაზე ძალიან მიყვარს, რაღაცნაირი თბილი და მყუდროა, ბევრი დარიჩინით (აქაც “გადავეკვეთეთ” ერთმანეთს).
ისე კი, დღესასწაული ის დღეა, რომელმაც ერთი, თუნდაც პატარა სასწაული მოგიტანა... მაგალითად, თუ დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძე 


ვიცი რომ რიტუალები გიყვარს...

მომიყევი შენ რიტუალებზე,ერბოკვერცხიანი და ფორთოხლის წვენიანი საუზმის გარდა...
 
ჩემი ახალი რიტუალია (და შესაბამისად, გატაცებაც) მზარეულობა.
რიტუალების კატეგორიაში იმიტომ გამყავს, რომ როგორც ჩემი სხვა რუტინული საქმიანობა, რაღაცნაირ დალაგებულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის შეგრძნებას მანიჭებს... დიდი ხანია გეგმად მაქვს ამ ჩემს კულინარიულ მისწრაფებებს ცალკე პოსტი მიუძღვნა, მაგრამ ვერ ვითმენ და აქ შევეცდები მოკლედ გადმოგცე მისი მიზიდულობა...
ყველაზე მეტად მიყვარს გადაწყვეტა, თუ რას მოვამზადებ დღეს – თავდაპირველად ოთხი გზის გადაკვეთაზე ვდგავარ: ხორცი, თევზი, ქათამი ან ვეგეტარიანული. ამ ოთხიდან ერთ-ერთს როდესაც უკვე ავირჩევ, მერე საქმე ადვილდება, უკვე კონკრეტული კერძის არჩევაც უფრო ადვილია. ღოგორც წესი, ვირჩევ იმას, რომელიც ყველაზე დიდი ხანია არ გამიკეთებია, ან საერთოდაც, ახალი რეცეპტის გამოგონებას ან ცდას ვწყვეტ.
შემდეგი ეტაპია პროდუქტების ყიდვა ამ კერძისთვის. შეძლებისდაგვარად ყოველთვის ვცდილობ ახალი პროდუქტი შევიძინო, უფრო გემრიელიცაა და უფრო ჯანმრთელიც.
ყველაზე ძირეული და მნიშნველოვანი ეტაპი თავად მზარეულობაა. ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს ყველა ინგრედიენტის მომზადება, გარეცხვა, დაჭრა და დალაგება, ხელი რომ ადვილად მიმიწვდებოდეს. და ასე იწყება ჯადოსნობა – ქვაბზე ზეთის აშიშინება, მწვანილის ჩეხვა და სხვა მრავალი... იმპროვიზაცია მიყვარს ძალიან, იშვიათად ვამზადებ გაზომილი რეცეპტით – არასოდეს ვიცი რამდენი თავი ხახვი უნდა ან რამდენი პეშვი მარილი... რაც მიდის, მიდის...
და ბოლოს, განა მარტო გემირელი უნდა გამოვიდეს, მიყვარს როდესაც თეფში ლამაზადაა გაფორმებული. ბევრად უფრო სასიამოვნოა მიირთვა რაღაც, რასაც ეტყობა, გული დააყოლა მზარეულმა, გემოც გაცილებით უკეთესი აქვს, მერწმუნე ;)
ბონ აპეტიტ!
  შენთან მოსვლისას სულ მინდა ხოლმე რომ ახალი წერილი დამხვდეს...კატასტროფულად მიყვარს წერილები და სულ მგონია რომ ადამიანები არასაკმარის წერილებს ვწერთ...მომიყევი შენი წერილების ადრესატებსა და წერილების დამწერ ემოციებზე...
ჩემი წერილების ადრესატები ისინი არიან, ვინც ჩემ გულში და ტვინში სხედან... ხშირად ეს არაა კონკრეტული ადამიანი, შეიძლება რაღაც აბსტრაქტული ცნება იყოს. ერთადერთი კრიტერიუმი ისაა, რომ სხვანაირად ვერ ვაწვდენ ხმას. პირველი ასეთი წერილი ტომ იორკს მივუძღვენი, გემახსოვრება. და იმდენად მომეწონა მე თვითონ ჩემი ეპისტოლე, რომ სხვების მიმართ სულ უფრო და უფრო ადვილად წამოვიდა... წერილებს მართლაც და ნაკლებად ვწერთ ერთმანეთს ადამიანები, მოძველდა... ყველას სადღაც გვეჩქარება და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა გვირჩევნია. იმ ემოციას კი რა ვუყოთ, რომელიც დაგიგროვდა გულში ვიღაცის ან რაღაცის მიმართ და ვერც ხმამაღლა ითქმის და ვერც ესემესში ეტევა? ხოდა მეც მივმართე ძველ, ნაცად ხერხს – წერილს. მერე რა, რომ განკუთვნილი ადრესატი მას ვერ ნახავს – სამაგიეროდ ნახავს შემთხვევითი და ვინ იცის, იქნებ მას უფრო გამოადგეს...
შენი საკმაოდ ბევრი რიტორიკული კითხვა მახსოვს:

სად გადის ზღვარი ნიჭსა და პათეტიკურობას შორის?
თუ ეგოიზმი მავნე თვისებად ითლება ადამიანში,
რატომ არის ურა-პატრიოტიზმი ასეთი საამაყო?
მართალია, რომ სანამ სხვისას არ დააფასებ, შენსას ვერ შეიყვარებ თუ მაინც პირიქითაა?!
თუ მიზანი ამართლებს საშუალებას, საშუალება ამართლებს მიზანს?!
ცხოვრებაში არასოდეს არ ხდება ისე, წესით რომ უნდა ხდებოდეს?


არ გინდა რომელიმეს რომ უპასუხო?

  როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, ამ კითხვებს იმიტომ ვსვამ ხოლმე, რომ გულწრფელად არ ვიცი მათზე პასუხები... დღემდე არ ვიცი, სად გავავლო ზღვარი ნიჭიერებასა და ზედმეტ პათეტიკურობას შორის, რატომ ეამაყება ხალხს ურა-პატრიოტიზმი და გმობენ ამ დროს ეგოისტებს (ერთი და იგივე გრძნობა არ დევს ორივეს სათავეში, საბოლოოდ?!), ჯერ შენი უნდა შეიყვარო და მერე დააფასო სხვისი თუ პირიქით და ასე შემდეგ...
იქნებ, ჯერ ადრეა... ან, შესაძლებელია, თუნდაც ის, რომ ასეთი კითხვები გვებადება ადამიანებს, ეგეც უკვე გარკვეულწილად წარმატებაა... არ ვიცი, მართლა. ვიცოცხლოთ და ვნახოთ, იქნებ ერთხელ გავიგებთ კიდეც პასუხს.



კიდევ ერთი კითხვა,რაც წაკიტხვის მერე თითქმის ყოველდღე მახსენდება,არის :

მაგრამ განა შეჩვევაა უბრალოდ სიყვარული?!

ჩემი პასუხი ამ კიტხვაზე არაა,მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი,მნიშვნელოვანია,რაა შენთვის სიყვარული?
 


ერთხელ ვვარჯიშობდი სარბენ ბილიკზე. რაღაც პროგრამას ვასრულებდი, რომელიც ვარჯიშის დროს ჩემს სიჩქარეს, გავლილ მანძილს, ვარჯიშის დროსა და პულსს ითვლიდა. ვარჯიშის ბოლოსკენ ბილიკის სიჩქარემ დაიწია და შესაბამისად ჩემმა გულისცემამაც. მე თვალები დავხუჭე და შევეცადე, კუნთების მოდუნებასთან ერთად გონებაც მომედუნებინა და მელოდიური მუსიკის თანხლებით ერთგვარ მედიტაციას მივცი.
ფიქრი ფიქრს გაყვა, წარსულიდან ამოტივტივდა მივიწყებული გრძნობები, ნაცნობი სახეები, ძვირფასი ადამიანების ხმები...
უცებ, ჩემმა სარბენმა ბილიკმა დაიწრიპინა. თვალები გავახილე. აღმოჩნდა, რომ პულსი იმაზე მეტად აჩქარებული მქონდა, ვიდრე ზოგადად ამ სიჩქარეზე ვარჯიშისას უნდა იყოს. გამიკვირდა.
კვლავ დავხუჭე თვალები. რამოდენიმე ხანში მანქანამ ისევ დაიწრიპინა.
და შემდეგ ისევ.
და მე მივხვდი, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის სახის, ხმის და ღიმილის გახსენება გულს მიჩქარებდა...
არ ვიცი, რამდენად გავეცი პასუხი შენს კითხვას, მაგრამ მემგონი მიხვდი, რისი თქმა მინდოდა...


 ჩვენ ორივე ბებერ ევროპაში ვცხოვრობ, ბევრს ვმოგზაურობთ,ჩაი გვიყვარს და შიგადაშიგ იდეალიზმის შემოტევები გვაქვს ხოლმე ..ჩაი და იდეალიზმი არა,მაგრამ ევროპაზე და მოგზაურობაზე მინდა გისმენდე...


მოგზაურობა...
ალბათ, ყველაზე სასურველი რამეა, რაშიც ადამიანმა ფული შეიძლება დახარჯოს...
ყველა ქვეყანას, ყველა ერს, ყველა ლანდშაფტს თავისი განუმეორებელი გემო, სუნი და შეგრძნებადობა აქვს... ზოგი საბოლოოდ შენი აღმოჩნდება, ზოგიც არა, მაგრამ გასინჯვა ყველასი ღირს მაინც...
ვოცნებობ რომ ოდესმე შანსი მომეცეს ბებერ ევროპას გავცდე და სადმე უფრო შორს, აღმოსავლეთით გადავინაცვლო... იქ, სადაც შენობებს სხვა ფორმა აქვთ...
ადრე წერდი,ემოციური ინვალიდი ვარო...ეგ მგონი ერთადერთია შენი სიტყვებიდან,რომელიც ვერ დავიჯერე...

როგირია შენი თავიდან დანახული ,,შენ''?


მე ვარ ერთი მარტოხელა დამსხვრეული სული, რომელიც არაჩვეულებრივად კარგ დროს ატარებს 
ახლა გეტყვი,რატომ არ მჯერა შენი ემოციური ინვალიდობა:

ემოციური ინვალიდები ვერასოდეს იტყვიან ისეთ როგორხარ-ს, ,,რომელსაც ყველაფერი აინტერესებს...
აინტერესებს რა გინდა…

რას ფიქრობ…
აინტერესებს, ხომ არ გცივა…
ხომ არ გშია…
ხომ არ მოიწყინე...…
ეს იცი როგორი როგორხარია?
აი ძალიან მაგარი, თბილი, მოსიყვარულე, საყვარელი და სასაცილო, ხანდახან სექსუალურიც და კაპრიზულიც... აი ისეთი, რომელიც საღამოს თბილ ჩაის და ბლინებს დაგახვედრებს და დილით ერბო კვერცხს და ყავას...
ეს ისეთი როგორხარია, რომელიც შენ პერანგებს დააუთოვებს და ძილის წინ საწოლს გაგითბობს...
ეს ისეთი როგორხარია, რომელსაც მართლა, მთელი გულით და სულით აინტერესებს როგორ ხარ და ამით მანმადე იქნება დაინტერესებული, სანამ ერთხელ და სამუდამოდ იმდენს არ იზამს, რომ შენ საბოლოოდ ეტყვი –
კარგად...\'\'

კარგად ყოფნისთვის რა გჭირდება,ესეთი როგორ ხარ თუ პასუხი ,,კარგად''?

 

იცი, პასუხი ამ სიტყვაზე შეგიძლია მე-6 კითხვას შეურწყა. კარგად ყოფნისთვის ამ პოსტის ადრესატის პასუხი “კარგად” სავსებით. მემგონი მიხვდები, რატომაც 

 როდესმე დავლიოთ ერთად ნამდვილი დარიჩინის ჩაი...

  საინტერესოა რეალურ ცხოვრებაში როგორები მოგვეჩვენება ერთმანეთი...

 


ძალიან დიდი სიამოვნებით კარამელიანი ტორტიც დავაყოლოთ, თუ გინდა მინდა მოვისმინო ბევრი საინტერესო რაღაცეები უცნობ ხელოვნებზე და დავათვალიერო საინტერესო ფოტოები...

p.s.დარიჩინის გოგონას ბლოგზე ფოტოები კატეგორიული ტონით არ მოიპოვება,და შეიძლება ითქვას,პირველი შემთხვევაა,როცა ვიღაცის აღქმაში ვიზუალუმა ინფორმაციულმა ვაკუუმმა ხელი არ შემიშალა...ინტერვიუს მერე ვთხოვე,რამე ისეთი ფოტოები გამომიგზავნე,რაც შენთან ახლის არის თქო. . . პოსტში გამოყენებული ყველა ფოტო მისი გადაღებულია და როგორც თვითონ ამბობს,მისი ნაწილია