Saturday, September 11, 2010

ქარიზმატული ლიდერი, ცარიელი ბულვარი და წამოსვლამდელი ამბები

წამოსვლამდე მინდოდა დაწერა, მაგრამ დრო არ მქონდა.
წერისთვის კი არა, ვოგში უსაყვარლესი ფეხსაცმელების ყიდვა მინოდოდა და იქ გასვლისთვისაც ვერ მოვჩხრიკე დრო. ორშაბათიდან ახალი კოლექცია იქნება და სულ კარგად ბრძანდებოდეო.
ხოოდა, დავრჩი ეგრე, საყვარელი ბასანოჩკების გარეშე, მაგრამ დიდი არაფერი. სამაგიეროდ ახლა ბათუმში ვარ, სულ, სულ მალე ბაბისას ვნახავ, და ხვალიდან საფესტივალო ამბებით დავკავდები.
ცხოვრებაში პირველად ვნერვიულობ ამ ფესტივალზე.რაღაცნაირად საპასუხისმგებლო საქმე მგონია და იმიტომ.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

ფესტივალის ამბები ხვალიდან, მანამდე კი წამოსვლამდელი ამბები.

არ ვიცი ეგ კარგია თუ ცუდი, მაგრამ მახსოვს, რომ სიტყვა ქარიზმა პირველად მაშინ შემოვიდა ჩემ ცნობიერებაში, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. იმ დღეებში ყველაა პირზე  "ქარიზმატული ლიდერი"  ეკერა.
მოკლედ, მე არც ლიდერი ვარ, არც პრეზიდენტობას ვაპირებ და ერთადერთი რაც ამ ამბავთან მაკავშირებს, სიტყვა ქარიზმაა. კარგი ჟღერადობა აქვს და როგორც ყველა ეგეთი სიტყვა, მიყვარს.

მე ქარიზმის ჩემი საკუთარი აღქმა და საზომი მაქვს.
მოკლედ, თუ ვიცი, რომ სადმე წასვლაზე უფრო ჭკვიანური არწასვლა იქნება, იმიტომ რომ გარეთ წვიმს, უკვე გვიანია, ან რამდენიმე დღეში გამოცდა მაქვს და მაინც მივდივარ, ესე იგი, მე ჯერ კიდევ ქარიზმატულად ვითვლები.

ხოოდა, ყოლველთვის, როცა მეუბნებიან ხოლმე: "ნასტასია, შენ ახლა დასვენება გჭირდება, მოდი, სახლში დარჩი და დაისვენე", ან "ნასტასია, ყველგან მაინც ვერ იქნები, ყველაფერს მაინც ვერ გააკეთებ და ყველას მაინც ვერ ეყვარები, მოდი, საკუთარ ენერგიას გაუფრთხილდი", და მაშინაც, როცა მეუბნებიან, "ნასტასია, როდემდე უნდა იყო ასე იმპულსებზე დამოკიდებული", სულ მოდის ხოლმე რაღაც პატარა წკაპი ტვინში და მეუბნება:
"ნასტასია, ესენი მართალს გეუბნებიან, და ურიგო სულაც არ იქნება დაუჯერო. მაგრამ შენ გაქვს ქარიზმაც, რომელიც შეგიძლია გამოიყენო  და არც დაუჯერო".


წკაპი კაიტიპია, ვუჯერებ ხოლმე,  ვიყენებ ამ ნეტარხსენებულ  ქარიზმას და ყველაფერი იმაზე კარგად ხდება, ვიდრე  იმპულსებს რომ არ ავყოლოდი, ან სახლში რომ დავრჩენილიყავი  დასასვენებლად. არადა, დასვენება  მართლა იმდენად მჭირდება, რომ წინა კვირაში რამდენიმე დღე სახლიდან ვერ გავედი გამოუცნობი  დაავადების გამო, რომლის ერთადერთი რეალური მიზეზი სტრესი და გადაღლა იყო.

ხოოდა, გუშინ, საჯაროში ერთკვირიანი მეცადინეობის შემდეგ რომ ვუთხარი ბიბლიოთეკარს - ეს წიგნები შეგიძლიათ დააბრუნოთ, აღარ მჭირდება თქო, ღრმად ამოვისუნთქე და გამეხარდა, რომ გამოცდისთვის რეალურად ძალიან ცოტა ხანში კარგად მოვემზადე.
მერე ყველას ნახვა რომ მოვასწარი, ვისი ნახვაც მინდოდა და ჩანთა მართლა ნახევარ საათში ჩავალაგე, როგორც ამას მთელი დღე ვგეგმავდი. მერე  კეთილი მეგობრები წამოსვლის წინ ვაგზალზე რომ გეგმავდნენ, ბათუმის პორტში ყავის დასალევად ჩავიდეთ და უკან წამოვიდეთო, ბედნიერად გავიღიმე.

გზაში მარკესს ვკითხულობდი და მივხვდი, რომ ეგ კაცი არანორმალურად უხდება ჩემ ბათუმურ გზებს.
მანამ სანამ წამოვიდოდი, ვამბობდი, რომ მთელი ათი დღით მივდივარ, ათი დღე ბევრია  და სანამ ჩამოვალ, აღარავის ვემახსოვრებითქო.
კიდევ რაც შემოდგომა მოვიდა, ვამბობ, რომ კარგია, რომ მოვიდა, სიმშვიდე თუ რაღაც ეგეთი მოიტანა და მიხარია.

და ყოველთვის, როცა შემოდგომა მოდის ხოლმე, მგონია, რომ მერე ზამთარში აუცილებლად მოვიწყენ და რამდენიმე დღის წინ ვიფიქრე, მოწყენილობისგან რომ არ მოვკვდე, პლასტელინებს ვიყიდი და რაღაცეებს გამოვძერწავ თქო.სულელური იდეაა, მაგრამ ვიფიქრე და.

მანამდე  კი, ქარიზმატული ნასტასია ცარიელ ბულვარში ზის, იმიტომ რომ  ჯერ ძალიან ადრეა და ელოდება, როდის გაიღვიძებს მინიმუმ ლიტერატურულის სტაფი და მაქსიმუმ ბაბისა.
მერე კიდე, ფესტივალის დაწყებას დაელოდება, მერე გამოცდის წინა ღამეს თბილისში წავა, იმედია კარგად დაწერს საგამოცდო საკითხებს და მერე ისევ უკან დაბრუნდება.

მერე სხვა ამბები დაიწყება, როგორც ამბების წესია.