Wednesday, September 15, 2010

ყველაზე უფრო პრიმიტიული და ბანალური ყურადღების მოთხოვნილება და გზები


უცნაური ამბებია ეს ფესტივალები. ელოდები, გიხარია, რომ მიდიხარ, ყველაფერი კარგად არის, მერე იქ ებმევი პროგრამიდან გამომდინარე რეჟიმში და უცბად ხვდები, რომ უკვე მეოთხე დღეა აქ ხარ და ზღვა მხოლოდ ერთხელ ნახე, ისიც მაშინ, სანაპიროზე მდებარე კაფეში საჭმელად რომ შეიარე.

კიდევ ხვდები, რომ, ფილმები, რომლებსაც ქალებსა და კაცებზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, თავისუფლებებსა და სიყვარულებზე, გზებსა და გამოსავლის ძიებებზე უყურებ  გადასარევია, არაჩვეულებრივია, მაგრამ უკვე დღის ბოლოა, შენ შენი საკუთარი მეგობრები, ოჯახის წევრები, სიყვარულები და იმათკენ მიმავალი გზები მოგენატრა, უბრალოდ გინდა თავისუფლად ისუნთქო და საათებზე არ იყოს დამოკიდებული შენი სეანსები.

მერე ხვდები, რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, შენ აუცილებლად მოგენატრება მთელი ეს ამბები და ისევ დაიწყებ ახალი ფესტივალის ლოდინს, ისევ სიხარულით დაელოდები მთელ ამ ამბებს და ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ დაღლის, ხმაურის, ბევრი ხალხის ზივზივის და  რაღაცნაირად გაწელილი დღეების ბრალია.

თანაც უკვე სრული 24 საათია ისეტერიულად წვიმს და როცა ასე წვიმს მე სულ მგონია ხოლმე, რომ წვიმა აღარასოდეს გადაიღებს, ჩვენ ნელ-ნელა აგვივა ნესტის და ხავსის სუნი, ჩვენ მოვწევთ ნესტიან სიგარეტებს და  ვიცხოვრებთ დაობებულ სახლებში, ყველა სეზონზე ბოტები გვეცმევა და ვერასოდეს  გავიხსენებთ, როგორია წკაპა-წკუპის გარეშე დაძინება და გაღვიძება.
თან ბათუმში ეს შეგრძნებები ორმაგად მიმძაფრდება და არასოდეს ტრანსფორმირდება. მახსოვს, ჯაზ ფესტივალის გახსნის დღეს რომ იწვიმა, მაშინაც ზუსტად  იგივეს ვფიქრობდი, იგივე თანმიმდევრობით.

ამინდი იქით და კინო ამბებს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე სტრანად ჩემზე ფილმის დამთავრების შემდეგ გამოსული ხალხის ერთიანი მასა მოქმედებს, აზრების გაზიარებების, გადაძახილ-გადმოძახილის რეჟიმში რომ არიან. ეს ამბავი განსაკუთრებით  თვალშისაცემი  მაშინაა, როცა შენ დარბაზში არ იყავი.

მე კაი ხანია ვიცი, რომ  ჩემი საქმე  მყუდრო და მშვიდი ამბებია, უბრალოდ, ასეთი ხალხმრავლობები და მასიური რამეები სასიცოცხლოდ მხოლოდ იმიტომ მჭირდება, რომ მერე ჩემი სიმყუდროვეები უფრო მეტად მიყვარდეს.

ხოოდა, ზოგადად, ფესტივალების დამთავრების შემდეგ, აღარ მინდა ხოლმე იმის გაგონება, რაც იქ ხდებოდა.

ეგრე მჭირდა ჯაზ ფესტივალის შემდეგ,  როცა ჯაზის გაგონებაზე ისედაც ჩამოყალიბებული არითმია მიმწვავდებოდა, ზედმეტი ჯაზის მოხმარებისგან.

ეგრე მჭირდა სვანეთში მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე, ფანდურის-ჩონგურ-ჭიანურის დანახვას დღემდე არ ვისურვებდი მგონი, რეგეის მოსმენას, მით უმეტეს.

და საერთოდ, არა მარტო ფესტივალებზე, ყველაფერზე ეგრეა. ძალიან ბევრ ალკოჰოლს რომ შეიწოვ, მერე ცივი ჩაი გიყვარდება, ზაფხული თუ აუტანლად ცხელია, ცივი შემოდგომა გსიამოვნებს და მოკლედ, პერედოზიროვკა ყველა შემთხვევაში საშიშია.

ახლა კი, ყველა ფილმის შემდეგ, ვფიქრობ ხოლმე, აი, სახლში რომ ჩავალ, საგამოცდო ამბებს რომ დავივიწყებ და ისევ თავისუფლად სუნთქვას დავიწყებ, საღამოობით  იმაზე უფრო მეტ  ბევრ კარგ ფილმს ვნახავ , ვიდრე რომელიმე შემოდგომაზე მინახავს თქო.

მოკლედ, ამ ფესტივალზე პერედოზიროვკით გამოწვეულ მობეზრების გრძნობას გადავურჩი, სამაგიეროდ, მყუდრო ამბები ორმაგად დავაფასე. 
ორივე გადასარევია.

გუშინ საღამოს გარეთ რომ ისტერიულად წვიმდა, ბოლო ფილმი რომ  მთავრდებოდა და მე რომ  დღევანდელ  მასტერკლასზე ვფიქრობდი, მივხვდი, რომ არანორმალურად მინდოდა რამე ისეთი, თუნდაც  ყველაზე უფრო პრიმიტიული და ბანალური ყურადღების ობიექტი ვყოფილიყავი.
 ვინმეს კი არ ეთქვა, შუადღის ფილმი მოგეწონა თუ არა, ან ხვალინდელი პრეს რელიზი  გამზადებულია თუ არა, ან  ბლოგის თემფლეითი როგორ შევცვალოო, უბრალოდ, მოსულიყო და ეთქვა:  ნასტასია, მთელი დღეა არ გაგიღიმია, ხომ ყველაფერი კარგად არის, ან  სულელი კოლას დალევას, საშინლად არ  გიყვარს, რამე ეგზოტიკურ სურნელოვანი ჩაი დაგველია რომელიმე ისეთ მყუდრო კაფეში, წვიმიან ამინდს რომ მოუხდება.
ან მხარზე ხელი მაინც დაედო, აი, ისე, აბას ქიაროსთამის ფილმში გაცოფებულ ჯულიეტ ბინოშს რომ ადებს ქმარი შემთხვევითი გავლელის რჩევით და პანაცეა რომ აღმოჩნდება.

საერთოდ, ეგ ფილმი კარგი ფილმია. დილას ვკითხულობდი და ყველამ, ვინც  ფილმი ნახა და არ დაეზარა,  ბინოშს წაკბინა, ხოოდა, მეც კი წავკბინე მანამდე, მაგრამ  წაკბენაც არის და წაკბენაც. ხოოდა, მე ბონოშზე, არა, ფილმზე მოგიყვებით. 

ფილმი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც 70 წლამდე მისულ ადამიანს შეიძლება გადაეღო. აი,  ხომ არსებობს რაღაცეები, რასაც ყველა გააკეთებს და რაღაცეები, რასაც სპეციფიური გამოცდილება, ნიჭი, ასაკი, ენერგია, ხედვა და ა.შ. მრავალი კომპონენტი ჭირდება.
მაგალითად ბლუზი ჩემი აზრით მხოლოდ 40 წლის შემდეგ შეიძლება დაუკრა, ისიც მაშინ, თუ არაფილტრირებული ცხოვრებით ცხოვრობდი და უკვე ბევრი რამე დაიგროვე.
ჯაზი შეიძლება ნებისმიერმა დაუკრას, მაგრამ შავკანიანების ჯაზს ვერავინ გაუწევს კონკურენციას.
გზებსა და მოგზაურობის ამბებზე ვერავინ მოგიყვება ისე, როგორც პროფესიონალი “მაწანწალა” და იმისთვის რომ კარგად წერო, კარგი მკითხველიც უნდა იყო.
მოკლედ, ჯაჭვური ამბებია.

ხოოდა, ეს ფილმი, რომელიც ფესტივალის გახსნაზე აჩვენეს,  აბასის ბოლო ნამუშევარი იყო და ცოლ-ქმრის ურთიერთობას ასახავდა ქორწინებიდან 15 წლის შემდეგ.
ურთიერთობას რა, კაცი მწერალია და თავისი სამუშაოს გარდა არაფერი ადარდებს, ქალი ჯულიეტ ბინოშია, მთელი ფილმის განმავლობაში საშინლად გამაღიზიანებელი ქალურ-ნაზი-ღმერთოჩემორაგადასარევივარ ტონით.

მე მთელი ფილმის განმავლობაში მახსენდებოდა გოგი გვახარია, რომელიც საშინლად ვერ იტანს ბინოშს და რომელიც ფესტივალზე რაღაცატომ არ იმყოფებოდა.

ასევე მთელი ფილმის განმავლობაში მახსენდებოდა ჩემი “ხაზეიკა”, რომელმაც მისტიკის წესების თანახმად, ზუსტად იმ  დილას მითხრა, აღფრთოვანებული სიყვარულები საშიშია, თანაცხოვრებისას ყველაფერი ხუნდებაო.

და კიდევ, ვფიქრობდი, რომ  კი რთულია, მაგრამ უბრალოდ ჯობია ისეთები მივიღოთ ადამიანები, როგორებიც არიან. თუ შენი ქმარი ვერ ხედავს განსხვავებას საყურიან და უსაყურო შენს შორის, ნუ ატეხავ სკანდალს და საყურე ქმრისთვის კი არა, საკუთარი სიამოვნებისთვის გაიკეთე, ყველასთვის ეგრე აჯობებს.
თუ ქმარი უყურადღებოა  და დეტალებს ვერასოდეს ამჩნევდა, თუნდაც ისეთს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, წითელი პომადის წასმით ხასიათს ვერ შეუცვლი და კიდევ უფრო დაგწყდება გული, რომ შენთვის მნიშვნელოვანი დეტალი შეუმჩნეველი დარჩა.

და საერთოდაც, ქალებს და კაცებს ხომ სულ სხვადასხვა პრელესტები  გვაქვს და ძნელია რა, დააჯერო ადამიანი, რომ უსახური ქანდაკება, რომელიც შენ მხოლოდ იმიტომ მოგწონს, რომ ქალს კაცის მხარზე თავი აქვს მიდებული და მშვიდად გამოიყურება, უსახური არ არის.
კაცებს სტოლკა ია ზნაიუ, მხოლოდ თავის მხრებზე დადებებით იშვიათად გააბედნიერებ.  ქალებს კიდევ  ქრონიკულად ჭირდებათ თავების ჩამოდებები, ხელის მოკიდებები, გაღიმებები, თუნდაც ყურით მოთრეული  კომპლიმენტები და წუწუნის მშვიდი მსმენელები.

მოკლედ, რთული ამბებია და სწორედ იმიტომ უნდა 70 წელი ცხოვრება და გამოცდილებების დიდი შეკვრა ეგეთ ამბებზე კარგი ფილმის გადაღებას.
ხო, თითქმის მთელი ფილმი ამ ცოლ-ქმარის კვირა დღეა, რომელიც მათი ქორწინების 15 წლისთავია,ოღონდ ეგ მხოლოდ ქალს ახსოვს, კაცს რასაკვირველია არა.
და ფილმში, სადაც თითქმის საათნახევარი მხოლოდ ორ ადამიანს უყურებ, ძალიან, ძალიან მაგარი ეპიზოდური პერსონაჟები არიან.

და ხვდები, რომ როცა ძალიან დაგღლის ადამიანი, რომელიც შენ ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს, რომელთან ურთიერთობაც რიგი მიზეზების გამო ჩიხში შევა, შეიძლება სრულიად შემთხვევითმა გამვლელმა ან შემხვედრმა, გადასარევად გაგიგოს და ისეთი რჩევაც კი მოგცეს, რომელიც არანორმალურად მარტივია, უბრალოდ, შენ  აზრადაც არ მოგივიდოდა, თუ ეგრე მარტივად იყო საქმე.
მოკლედ, ეგეთი ამბები სულ ხდება ხოლმე, ფილმებშიც და ჩვენს თავსაც.

ხოოდა, ფესტივალს დღეს დროებით ვტოვებ, მოვთბილისობ და იმედია მარტივი გამოსავლების მოსაძებნად შემთხვევითი გამვლელების რჩევები არ დამჭირდება და მარტივი, ბანალური სახის ყურადღებები და ჩემი კიდევ ერთხელ შეყვარებული მყუდროებები საჭირო დროს, საჭირო ადგილებზე დამხვდება.
ხო, აბასის კიდევ ერთი ფილმი ვნახე, გზებზე იყო და ბაბისამ უკვე დაწერა მაგ ამბებზე, ამიტომ მე მარტო იმას ვიტყვი, რომ მე რომ აბასი ვყოფილიყავი, ამ პოსტის მაგივრად იმ ფილმსს გადავიღებდი, და რომ ფილმი ულაზესია და ყველა კომპონენტი (მუსიკა/ვიზუალი/ტექსტები/ა.შ/) ერთნაირად ძლიერად მოქმედებს და მთელი ფილმის განმავლობაში მინდოდა გვერდზე მამიდა მჯდარიყო, იმიტომ რომ ვიცოდი, როგორც მოეწონებოდა.
ხოოდა, ამ პოსტში არსებული ყველა შავთეთრი ფოტო ფილმიდანაა მამიდასთვის.