Showing posts with label კინო. Show all posts
Showing posts with label კინო. Show all posts

Saturday, October 13, 2012

Un heureux événement

უცნაურად დაემთხვა რომ თითქმის ყველა ამოჩემებული ბლოგერი, რომელთა პოსტებსაც ერთგულად ველოდები ხოლმე და ყურადღებით ვკითხულობ, ერთ პერიოდში დადგა ბავშვის გაჩენა/გაზრდის ხასიათზე. უცნაურად მოხდა ისიც, რომ მე თითქმის სულ ავიღე ხელი წერაზე, რის გამოც სულაც არ ვარ კმაყოფილი. პირიქით, ახლა, როგორც არასდროს მინდა ბევრს ვწერდე, ყველა წვრილმანს ვიმახსოვრებდე, შეგრძნებებს ვაკონსერვებდე და ამ ყველაფერს რაც შეიძლება მეტი ადამიანი კითხულობდეს.

საბედნიეროდ  ჩემ თანამცხოვრებთან იმდენად მშვენიერია ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი, ეს საწყალი ბლოგი, სადაც ჩემთვის მნიშვნელოვან, პრობლემურ, სასიამოვნო და არასასიამოვნო ამბებს შესანახად ვაწყობდი ხოლმე, თითქოს უფუნქციოდ დამრჩა.
ახლა საღამოებს და ძილის წინა ჩაის სმებს ველოდები ხოლმე დიალოგებისა და დღის განმავლობაში დაგროვილი ემოციების თავმოსაყრელად (ჩვენი შვილი კარგი ბავშვი აღმოჩნდა და მიუხედავად ცხოვრების აბსოლუტურად შეცვლილი რიტმისა, ზოგიერთი რიტუალის შენარჩუნება შევძელით). 
ეგეც რომ არ იყოს, რაღაცნაირად მეხამუშება იქ, სადაც წლების განმავლობაში ჩემი აქეთ-იქით წანწალის, შემთხვევითი გამვლელების, ცუდი სამსახურების და მოდეპრესიულო-მოთინეიჯერო-მოგარდატეხისასაკისთვისდამახასიათებელ ამბებს ვწერდი, ახლა ის ვწერო, როგორია მშობიარობის შემდეგი პერიოდის ვნებათაღელვები,როგორ გავს სამშობიარო საგიჟეთს და რა საშინლად სევდიანი ამბების მოსმენა შეიძლება საშუალო სტატისტიკური ქართველი ქალის პირიდან, თუკი ის გულახდილობის ხასიათზე დგება, რა სიხარულია სამშობიაროდან სახლში დაბრუნება და როგორ ორმაგდება სიხარული, თუკი ის შორტი, რომელიც წინა წლებში გეცვა, ისევ გეტევა, როგორია დილას ნახევრადმძინარეს  საწოლიდან პაწაწუნა არსება რომ გიცინის, როგორ ხვდები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდებში რომ ახლა იმაზე მეტად ღელავ, ვიდრე როდესმე,  როგორი მრავალშრიანი გახდა ერთფეროვანი დღეები და როგორ ხვდები, რა სხვა განზომილება იყო შუადღემდე გაწელილი დილის ძილები და საღამომდე გაწელილი საუზმეები დასვენების დღეებში, როგორ მოქმედებენ გარშემომყოფები მაშინ, როცა შენ თვითონაც გიჭირს საკუთარ თავში გარკვევა.


მიჭირს ჯერ ერთი იმის გამო, რომ მგონია ეს ყველაფერი ძალიან ინტიმურია, მხოლოდ მე მეხება და მათი გამოფენა რამდენად საჭიროა, არ ვიცი, მეორეც იმის გამო, რომ მგონია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალები წლების მერე ისევე სასაცილოდ არ მომეჩვენოს, როგორც ახლა წლების წინ დაწერილ პოსტებს ვუყურებ. თან იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემი ვნებათაღელვები ჩემთვის არის საინტერესო, თორემ სამყაროსთვის სრულიად ბანალურია ახლადგამოჩეკილი დედების ბანალური პრობლემატიკა.
არადა, ძალიან მომწონს, როცა ადამიანები ლაღად და თავისუფლად, ამდენი ფიქრის გარეშე დგანან და თავიანთ დღეებს ყვებიან. აი, როგორც სოფი აკეთებს ამას. თან სხვა თუ არაფერი, გადასარევი რამეა, რაც შეიძლება შენ შვილს დაუტოვო. რა ჯობია, წლების მერე რომ წაიკითხავს, როგორ ცხოვრობდა დედა მაშინ, როცა ის პირდაფჩენილი შოშია იყო.

მოკლედ, იმედია შევაფურთხებ ეშმაკებს და მოვაბამ თავს წერას.

მანამდე კი რომ არ დამავიწყდეს, აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფილმი ყველამ, ვისაც ბავშვის გაჩენა ჯერ კიდევ წინ აქვს ან უკვე გააჩინა, სახალისოა მსგავსება-განსხვავებების პოვნა. იმ იავნანებში კი, რასაც მე და მარიამი ერთად ვუსმენთ ხოლმე, ყველაზე მეტად აი ეს მომწონს.




რაც შეეხება შეცვლილ ცხოვრების წესს, უსაშველოდ ფრთხილი ძილი გამიხდა, ძალიან გამიჭირდა ლაქტაციის დადებითი მხარეების შეგნება (როგორც ამბობენ სტატისტიკის მოყვარულები, მშობიარობის შემდეგი ბეიბი ბლუზის მიზეზი ძირითადად ზუსტად ძუძუთი კვება ხდება ), ბოლო თვეების განმავლობაში ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომელსაც დიდად არ ჭირდება სახლიდან გასვლა უკვე ჩვეულებად მექცა და დიდადაც მომწონს, თუმცა შიგადაშიგ მინდა ხოლმე დილას ავდგე, სწრაფად დავლიო ყავა ნახევრამდე, ჩქარა ჩავირბინო კიბეები და შევისწავლო თანამშრომლები, რომლებსაც შესვენებებზე შეიძლება რაიმე ამბები მოვუყვე კიდეც და დღის ბოლოს მიხაროდეს სახლში მოსვლა, მაგრამ ჯერჯერობით მსგავსი სამსახურის ნასახიც კი არ ჩანს და ჩემი ლამაზი და მშვენიერი კაბებიც მშვიდად განისვენებენ კარადაში, მთელ ჩემ დროს კი გადასარევად ითვისებს მარიამი.

ბედნიერ შემოდგომას გისურვებთ.

Thursday, January 13, 2011

ხანმოკლეობამდე და ხანმოკლეობების შემდეგ ამბები

Dancers. Ballet Errante ,1933 by Ilse Bing *
ღმერთო ჩემო, წინა პოსტი რომ გამოვაქვეყნე და იმის წინაც, მივხვდი, რომ ძალიან სისულელეა, თოვლებსა და ფრანგ მომღერალ ქალებზე წერა.
ამასობაში შეიძლება რამე ისეთი ხდება, რაც 800ჯერ მნიშვნელოვანია, შენ კიდევ დგახარ და ფრანგ ქალებზე წერ.

ბოლო ფილმის ყურების შემდეგ კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ სისულელეა საათნახევარში ჩატეული დაწურული კადრებით საკუთარი თავის დადოპინგება.

უელბეკის ”პლატფორმის” მეორე ნაწილის  ბოლოს მივხვდი, რომ წიგნებიც მხოლოდ ჩემ დეპრესიულ ფონს ამძაფრებენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გიდასტურებენ, კაცები, რომლებიც საკუთარი ან შენი  ბედნიერებისთვის ოდნავ მაინც ხელს გაანძრევენ, უბრალოდ, არ არსებობენ.
ისინი კარგა ხნის წინ გაურკვეველი მიზეზების გამო გაზარმაცდნენ და შენ ამ მთელი ფრანგი მომღერლებით, წაკითხული და წასაკითხი წიგნებით და ნანახი და უნახავი ფილმებით, მხოლოდ საკუთარ თავს თუ დაადოპინგებ, მეტს ვერაფერს შეცვლი. იმიტომ რომ გაზარმაცებულები გაზარმაცებულად და შენც დიდი ვერაფერი შვილი ხარ და შენც არაფრის შეცვლა შეგიძლია.


ვიღაცა პროსტა მარიასავით საზღვარგარეთ გადაცხოვრებაზე ფიქრი შენი საქმე არის, ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება, მით უფრო და დაქალების წრეში ყავის გარშემოც ეგეთი ამბების განხილვა როგორც წესი, სისულელეა.

(სრულიად არასაჭირო ჩანართი: პროსტა მარია მარტო ის არ არის, ბავშვობაში რომ იყო,  გელა ჩქვანავას ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟია. გელა კაი მწერალია, უბრალოდ, ბოლო მომიღო მთელი შაბათ-კვირა. აშკარად არ ვიყავი აფხაზეთის თემატიკაზე დაწერილი დაუმთავრებელი ამბების კითხვის ხასიათზე.)

თამბლერზე იდეალური ცხოვრების ფოტორობოტის შედგენაც სისულელეა.
 უბრალოდ, უკვე ჩვევაში მაქვს გადასული და აი, ბავშვებს რომ უყვებიან ხოლმე ძილის წინ ბედნიერ ამბებს და ისე აძინებენ, ეგ მჭირს მეც. ვდგავარ და საკუთარ თავს ძილის წინ ბედნიერ ილუსტრაციებს ვაჩვენებ.
ისე მინდა უძილობის პერიოდები არ  დამეწყოს და საძილე პრეპარატებზე დამოკიდებული არ გავხდე.

საერთოდ, დამოკიდებულებები კოშმარია.
არადა, მაგათ გარეშე, ასე ფილმებსა და თამბლერის სურათებს შორის ხარ გამოკიდებული  და ეგეც  ისეთი  კატასტროფაა.

Tanz, 1925 by Riebicke
აი, ბაბისა, ამბობს ხოლმე, ღმერთო, რა მარტივია ჩემი სურვილებიო და მართალიც არის.
ჩემი სურვილებიც მარტივია.იმდენად მარტივი, რომ თამბლერის გვერდებზეც კი ეტევა და სულ მგონია თხოვნის გარეშეც კი უნდა მისრულდებოდეს.

რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ მივხვდი, რომ სიზმრები, რომლებსაც ვნახულობ და არ მავიწყდება, როდესმე ახლო მომავალში აუცილებლად მიხდება ხოლმე. სულაც არ შევშინებულვარ, დიდი ამბავი, ისედაც კაი ხნის ამერია, რა მართლა ხდება და რა მე მგონია რომ ხდება.

ახლაც ისე მინდა მთელი ეს ჩემი ”მგონიები” ჩემი ილუზიები იყოს, ან სიზმრები, რომლებიც დამავიწყდა და არასოდეს ამიხდება. 


მერე ისე მინდა ბლოგის მაგივრად დედამიწის ზურგზე ყველაზე გულახდილი წიგნის წერა დავიწყო და ყველაზე ნამდვილი ამბების მოყოლით ბეტსელერის ავტორი გავხდე სავარაუდოდ 26 წლის ასაკში და ყველა იმ წიგნს, ფილმს და ა.შ ამბებს ოდნავ გვერდიდან შევხედო, ამ და სხვა ღამეებზე ასეთ გავლენას რომ ახდენენ.
მერე ცოტა ხანს მაინც მეგონება, რომ ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინდა და ის ვთქვი, რაც სულ უნდა მექნა, წიგნის დაწერის გარეშეც.

გუშინ კიდევ ერთხელ ვიფიქრე, რომ ბედნიერები და სიმშვიდეები აუტანლად ხანმოკლეა და მთავარი მათი პოვნის ბედნიერებაა. ყველაფერი დანარჩენი, ამ ხანმოკლეობამდე და ხანმოკლეობების შემდეგ იყოფა.
(ხო, უკვე ვთქვი, რომ უელბეკი ახლახანს წავიკითხე და რაღაც პროექტისთვის სხვა ავტორის სევდიანი ლექსებით სავსე  კრებულიც).

სრულიად არასაჭირო ჩამატება:
ურილკაში ჩემი თანამშრომელი დაუმთავრებლად ხუმრობდა და ადეკვატურ რეაქციას ვერ აწყდებოდა. ბოლოს გადაწყვიტა, დღეს მარტივ ხასიათზე ვარო. ბოლოს მიღებს ეგეც და ყველა ისეთი გოგოც, ყველას რომ ემეგობრებიან და დაუმთავრებლად რომ ხუმრობენ.

ხოოდა, ასე. როდესმე ან ცხადი გახდება სიზმარი და ან  სიზმარი ცხადი და იქნებ ისიც დამეჯრებინა, რომ არანაირი აზრი არ აქვს რეალობასა და არარეალობას შორის გამავალ ზღვარს.

სამაგიეროდ ეს ქალები არიან ისეთი გენიალურები, მე კიდე უფრო და უფრო მიყვარდება ძველი შავ-თეთრი ფოტოები.
Gian Paolo BarbieriEva Malstrom, Vogue Italia, 1979
Leni Riefenstahl in The Holy Mountain 
(1926, dir. Arnold Fanck)

პ.ს.
ვამბობდი მე გამოუხატავი ემოციები კაშმართქო.
ხოოდა, მართალიც ვიყავი.
და ანუშკა, დაბადების დღეს გილოცავ :)

Wednesday, November 10, 2010

ჯართი

ჯართი სანდროს, სანდროს და ბასკის ფილმია, ქართულ მუსიკაზე და და სახელის გარდა, რაც ამ პროექტში მიყვარს, სხვადასხვა აზრების მქონე ადამიანები და ადეკვატური მუსიკაა.


p.s.
ხო, სანდრო ჩემი მეგობარია, ბასკი landmark -ის ვოკალი და გიტარა, და მეორე სანდრო კიდევ ბასკის და სანდროს მეგობარი : ).

Wednesday, September 15, 2010

ყველაზე უფრო პრიმიტიული და ბანალური ყურადღების მოთხოვნილება და გზები


უცნაური ამბებია ეს ფესტივალები. ელოდები, გიხარია, რომ მიდიხარ, ყველაფერი კარგად არის, მერე იქ ებმევი პროგრამიდან გამომდინარე რეჟიმში და უცბად ხვდები, რომ უკვე მეოთხე დღეა აქ ხარ და ზღვა მხოლოდ ერთხელ ნახე, ისიც მაშინ, სანაპიროზე მდებარე კაფეში საჭმელად რომ შეიარე.

კიდევ ხვდები, რომ, ფილმები, რომლებსაც ქალებსა და კაცებზე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებზე, თავისუფლებებსა და სიყვარულებზე, გზებსა და გამოსავლის ძიებებზე უყურებ  გადასარევია, არაჩვეულებრივია, მაგრამ უკვე დღის ბოლოა, შენ შენი საკუთარი მეგობრები, ოჯახის წევრები, სიყვარულები და იმათკენ მიმავალი გზები მოგენატრა, უბრალოდ გინდა თავისუფლად ისუნთქო და საათებზე არ იყოს დამოკიდებული შენი სეანსები.

მერე ხვდები, რომ როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, შენ აუცილებლად მოგენატრება მთელი ეს ამბები და ისევ დაიწყებ ახალი ფესტივალის ლოდინს, ისევ სიხარულით დაელოდები მთელ ამ ამბებს და ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ დაღლის, ხმაურის, ბევრი ხალხის ზივზივის და  რაღაცნაირად გაწელილი დღეების ბრალია.

თანაც უკვე სრული 24 საათია ისეტერიულად წვიმს და როცა ასე წვიმს მე სულ მგონია ხოლმე, რომ წვიმა აღარასოდეს გადაიღებს, ჩვენ ნელ-ნელა აგვივა ნესტის და ხავსის სუნი, ჩვენ მოვწევთ ნესტიან სიგარეტებს და  ვიცხოვრებთ დაობებულ სახლებში, ყველა სეზონზე ბოტები გვეცმევა და ვერასოდეს  გავიხსენებთ, როგორია წკაპა-წკუპის გარეშე დაძინება და გაღვიძება.
თან ბათუმში ეს შეგრძნებები ორმაგად მიმძაფრდება და არასოდეს ტრანსფორმირდება. მახსოვს, ჯაზ ფესტივალის გახსნის დღეს რომ იწვიმა, მაშინაც ზუსტად  იგივეს ვფიქრობდი, იგივე თანმიმდევრობით.

ამინდი იქით და კინო ამბებს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე სტრანად ჩემზე ფილმის დამთავრების შემდეგ გამოსული ხალხის ერთიანი მასა მოქმედებს, აზრების გაზიარებების, გადაძახილ-გადმოძახილის რეჟიმში რომ არიან. ეს ამბავი განსაკუთრებით  თვალშისაცემი  მაშინაა, როცა შენ დარბაზში არ იყავი.

მე კაი ხანია ვიცი, რომ  ჩემი საქმე  მყუდრო და მშვიდი ამბებია, უბრალოდ, ასეთი ხალხმრავლობები და მასიური რამეები სასიცოცხლოდ მხოლოდ იმიტომ მჭირდება, რომ მერე ჩემი სიმყუდროვეები უფრო მეტად მიყვარდეს.

ხოოდა, ზოგადად, ფესტივალების დამთავრების შემდეგ, აღარ მინდა ხოლმე იმის გაგონება, რაც იქ ხდებოდა.

ეგრე მჭირდა ჯაზ ფესტივალის შემდეგ,  როცა ჯაზის გაგონებაზე ისედაც ჩამოყალიბებული არითმია მიმწვავდებოდა, ზედმეტი ჯაზის მოხმარებისგან.

ეგრე მჭირდა სვანეთში მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე, ფანდურის-ჩონგურ-ჭიანურის დანახვას დღემდე არ ვისურვებდი მგონი, რეგეის მოსმენას, მით უმეტეს.

და საერთოდ, არა მარტო ფესტივალებზე, ყველაფერზე ეგრეა. ძალიან ბევრ ალკოჰოლს რომ შეიწოვ, მერე ცივი ჩაი გიყვარდება, ზაფხული თუ აუტანლად ცხელია, ცივი შემოდგომა გსიამოვნებს და მოკლედ, პერედოზიროვკა ყველა შემთხვევაში საშიშია.

ახლა კი, ყველა ფილმის შემდეგ, ვფიქრობ ხოლმე, აი, სახლში რომ ჩავალ, საგამოცდო ამბებს რომ დავივიწყებ და ისევ თავისუფლად სუნთქვას დავიწყებ, საღამოობით  იმაზე უფრო მეტ  ბევრ კარგ ფილმს ვნახავ , ვიდრე რომელიმე შემოდგომაზე მინახავს თქო.

მოკლედ, ამ ფესტივალზე პერედოზიროვკით გამოწვეულ მობეზრების გრძნობას გადავურჩი, სამაგიეროდ, მყუდრო ამბები ორმაგად დავაფასე. 
ორივე გადასარევია.

გუშინ საღამოს გარეთ რომ ისტერიულად წვიმდა, ბოლო ფილმი რომ  მთავრდებოდა და მე რომ  დღევანდელ  მასტერკლასზე ვფიქრობდი, მივხვდი, რომ არანორმალურად მინდოდა რამე ისეთი, თუნდაც  ყველაზე უფრო პრიმიტიული და ბანალური ყურადღების ობიექტი ვყოფილიყავი.
 ვინმეს კი არ ეთქვა, შუადღის ფილმი მოგეწონა თუ არა, ან ხვალინდელი პრეს რელიზი  გამზადებულია თუ არა, ან  ბლოგის თემფლეითი როგორ შევცვალოო, უბრალოდ, მოსულიყო და ეთქვა:  ნასტასია, მთელი დღეა არ გაგიღიმია, ხომ ყველაფერი კარგად არის, ან  სულელი კოლას დალევას, საშინლად არ  გიყვარს, რამე ეგზოტიკურ სურნელოვანი ჩაი დაგველია რომელიმე ისეთ მყუდრო კაფეში, წვიმიან ამინდს რომ მოუხდება.
ან მხარზე ხელი მაინც დაედო, აი, ისე, აბას ქიაროსთამის ფილმში გაცოფებულ ჯულიეტ ბინოშს რომ ადებს ქმარი შემთხვევითი გავლელის რჩევით და პანაცეა რომ აღმოჩნდება.

საერთოდ, ეგ ფილმი კარგი ფილმია. დილას ვკითხულობდი და ყველამ, ვინც  ფილმი ნახა და არ დაეზარა,  ბინოშს წაკბინა, ხოოდა, მეც კი წავკბინე მანამდე, მაგრამ  წაკბენაც არის და წაკბენაც. ხოოდა, მე ბონოშზე, არა, ფილმზე მოგიყვებით. 

ფილმი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც 70 წლამდე მისულ ადამიანს შეიძლება გადაეღო. აი,  ხომ არსებობს რაღაცეები, რასაც ყველა გააკეთებს და რაღაცეები, რასაც სპეციფიური გამოცდილება, ნიჭი, ასაკი, ენერგია, ხედვა და ა.შ. მრავალი კომპონენტი ჭირდება.
მაგალითად ბლუზი ჩემი აზრით მხოლოდ 40 წლის შემდეგ შეიძლება დაუკრა, ისიც მაშინ, თუ არაფილტრირებული ცხოვრებით ცხოვრობდი და უკვე ბევრი რამე დაიგროვე.
ჯაზი შეიძლება ნებისმიერმა დაუკრას, მაგრამ შავკანიანების ჯაზს ვერავინ გაუწევს კონკურენციას.
გზებსა და მოგზაურობის ამბებზე ვერავინ მოგიყვება ისე, როგორც პროფესიონალი “მაწანწალა” და იმისთვის რომ კარგად წერო, კარგი მკითხველიც უნდა იყო.
მოკლედ, ჯაჭვური ამბებია.

ხოოდა, ეს ფილმი, რომელიც ფესტივალის გახსნაზე აჩვენეს,  აბასის ბოლო ნამუშევარი იყო და ცოლ-ქმრის ურთიერთობას ასახავდა ქორწინებიდან 15 წლის შემდეგ.
ურთიერთობას რა, კაცი მწერალია და თავისი სამუშაოს გარდა არაფერი ადარდებს, ქალი ჯულიეტ ბინოშია, მთელი ფილმის განმავლობაში საშინლად გამაღიზიანებელი ქალურ-ნაზი-ღმერთოჩემორაგადასარევივარ ტონით.

მე მთელი ფილმის განმავლობაში მახსენდებოდა გოგი გვახარია, რომელიც საშინლად ვერ იტანს ბინოშს და რომელიც ფესტივალზე რაღაცატომ არ იმყოფებოდა.

ასევე მთელი ფილმის განმავლობაში მახსენდებოდა ჩემი “ხაზეიკა”, რომელმაც მისტიკის წესების თანახმად, ზუსტად იმ  დილას მითხრა, აღფრთოვანებული სიყვარულები საშიშია, თანაცხოვრებისას ყველაფერი ხუნდებაო.

და კიდევ, ვფიქრობდი, რომ  კი რთულია, მაგრამ უბრალოდ ჯობია ისეთები მივიღოთ ადამიანები, როგორებიც არიან. თუ შენი ქმარი ვერ ხედავს განსხვავებას საყურიან და უსაყურო შენს შორის, ნუ ატეხავ სკანდალს და საყურე ქმრისთვის კი არა, საკუთარი სიამოვნებისთვის გაიკეთე, ყველასთვის ეგრე აჯობებს.
თუ ქმარი უყურადღებოა  და დეტალებს ვერასოდეს ამჩნევდა, თუნდაც ისეთს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, წითელი პომადის წასმით ხასიათს ვერ შეუცვლი და კიდევ უფრო დაგწყდება გული, რომ შენთვის მნიშვნელოვანი დეტალი შეუმჩნეველი დარჩა.

და საერთოდაც, ქალებს და კაცებს ხომ სულ სხვადასხვა პრელესტები  გვაქვს და ძნელია რა, დააჯერო ადამიანი, რომ უსახური ქანდაკება, რომელიც შენ მხოლოდ იმიტომ მოგწონს, რომ ქალს კაცის მხარზე თავი აქვს მიდებული და მშვიდად გამოიყურება, უსახური არ არის.
კაცებს სტოლკა ია ზნაიუ, მხოლოდ თავის მხრებზე დადებებით იშვიათად გააბედნიერებ.  ქალებს კიდევ  ქრონიკულად ჭირდებათ თავების ჩამოდებები, ხელის მოკიდებები, გაღიმებები, თუნდაც ყურით მოთრეული  კომპლიმენტები და წუწუნის მშვიდი მსმენელები.

მოკლედ, რთული ამბებია და სწორედ იმიტომ უნდა 70 წელი ცხოვრება და გამოცდილებების დიდი შეკვრა ეგეთ ამბებზე კარგი ფილმის გადაღებას.
ხო, თითქმის მთელი ფილმი ამ ცოლ-ქმარის კვირა დღეა, რომელიც მათი ქორწინების 15 წლისთავია,ოღონდ ეგ მხოლოდ ქალს ახსოვს, კაცს რასაკვირველია არა.
და ფილმში, სადაც თითქმის საათნახევარი მხოლოდ ორ ადამიანს უყურებ, ძალიან, ძალიან მაგარი ეპიზოდური პერსონაჟები არიან.

და ხვდები, რომ როცა ძალიან დაგღლის ადამიანი, რომელიც შენ ცხოვრებაში მთავარ როლს ასრულებს, რომელთან ურთიერთობაც რიგი მიზეზების გამო ჩიხში შევა, შეიძლება სრულიად შემთხვევითმა გამვლელმა ან შემხვედრმა, გადასარევად გაგიგოს და ისეთი რჩევაც კი მოგცეს, რომელიც არანორმალურად მარტივია, უბრალოდ, შენ  აზრადაც არ მოგივიდოდა, თუ ეგრე მარტივად იყო საქმე.
მოკლედ, ეგეთი ამბები სულ ხდება ხოლმე, ფილმებშიც და ჩვენს თავსაც.

ხოოდა, ფესტივალს დღეს დროებით ვტოვებ, მოვთბილისობ და იმედია მარტივი გამოსავლების მოსაძებნად შემთხვევითი გამვლელების რჩევები არ დამჭირდება და მარტივი, ბანალური სახის ყურადღებები და ჩემი კიდევ ერთხელ შეყვარებული მყუდროებები საჭირო დროს, საჭირო ადგილებზე დამხვდება.
ხო, აბასის კიდევ ერთი ფილმი ვნახე, გზებზე იყო და ბაბისამ უკვე დაწერა მაგ ამბებზე, ამიტომ მე მარტო იმას ვიტყვი, რომ მე რომ აბასი ვყოფილიყავი, ამ პოსტის მაგივრად იმ ფილმსს გადავიღებდი, და რომ ფილმი ულაზესია და ყველა კომპონენტი (მუსიკა/ვიზუალი/ტექსტები/ა.შ/) ერთნაირად ძლიერად მოქმედებს და მთელი ფილმის განმავლობაში მინდოდა გვერდზე მამიდა მჯდარიყო, იმიტომ რომ ვიცოდი, როგორც მოეწონებოდა.
ხოოდა, ამ პოსტში არსებული ყველა შავთეთრი ფოტო ფილმიდანაა მამიდასთვის. 

Sunday, September 12, 2010

პრეზიდენტი, რუსულ-ქართული სიყვარული, დაგვიანებული თვითმფრინავი და ბოლო დღეების საუნდტრეკი

სათაური ლაშა ბუღაძის გავლენა არ არის, სულ ეგეთებს ვწერ, მოგეხსენებათ.
საუნტრეკი ტომიკას სიყვარულის შედეგია. სიყვარულს რომ ზოგჯერ ტექსტი არ ჭირდება, ის ამბავია.
Radiohead - Hunting Bears by nastasia
წესით კინოფესტზე უნდა ვწერო.
ხოოდა, მაგალითად ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული სოფია კოპოლა გახდა ფილმით, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, მშობლების და შვილების ურთიერთობას ეხება და მასზე მუშაობა იმ დროიდან დაიწყო, რაც ამ ურთიერთობებზე ფიქრი.
ანუ ფეხმძიმობიდან.

როგორც კი ეს ინფო გავიგე, მაშინვე მომინდა ფილმის ნახვა, მაგრამ ჯერ სხვა ფილმები მაქვს სანახავი, რომლებიც ფესტივალის ფარგლებშია გათვალისწინებული.
ყველაზე მეტად  რიბჩინსკის  ფილმების რეტროპერსპექტივას ველოდები და კიდე გია დიასამიძის "ინსაითს". მეორეს მეტნაკლებად სუბიექტური მიზეზების გამო.  გია სვანეთში გავიცანი, იქაც ფილმს იღებდა, ოღონდ სხვას. იმ ფესტივალის შესახებ, რომელზეც გავიცანი. ხოოდა, საღამოობით მაფიოზობანას ვთამაშობდით ხოლმე და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი "მაფიოზია", ვისთან ერთადაც მაფიოზობანა ოდესმე მითაშია. ხოოდა, ახლა ავდგები და ვნახავ, როგორი რეჟისორია. 

მანამდე კი, დილაობით ე.წ. "ხაზეიკასთან" ერთად  ჩავატარე დილის ყავის რიტუალი და მერე ტბის გარშემო მწვანე ბალახებიან პარკში გავატარე მეცადინეობის  საათები. ჩრდილში ციოდა და ფეხები მეყინებოდა, მზეში ცხელოდა და ტვინი მიცხელდებოდა და ისევ სახლში დავბრუნდი, ჩემ კეთილ დიასახლისთან. 

ხოო, ჩვენი დიასახლისი უსაყვარლესი ქალია. 35 წლის წინ ჩამოვედი რუსეთიდან და იმის მერე აქ ვცხოვრობ, რამდენიმე წლის წინ მივხვდი, რომ "ნიჩევო ნე პანიმაიუ, სადაური ვარ, ნე გრუზინკა, ნე რუსალკაო". ჩემი ქმარი რუსეთშივე გავიცანი,4 თვის მერე მამაჩემმა მითხრა, დედაშენი და მე 4 წელი დავდიოდით ერთად და შენთან რომ დადის იმ კაცს რა უნდა  შენგანო?  მერე 7 თვის მერე ნახეს მამაჩემმა და ჩემმა მომავალმა ქმარმა ერთმანეთი. ქმარი მამამისთან ერთად იყო მოსული და ჩემ ცოლობას ითხოვდაო. ვსიო ეტო ბილა სუდბა, ნი  ჩევო ასებენოვო, და საერთოდაც, დიდი სიყვარულების მეშინია, ძალიან რომ ხარ აღფრთოვანებული, მერე ადვილია იმედგაცრუება,  თან ყოველდღიურობაში ადვილად ვცდება აღფთოვანებებიო. 
ისე კი, ვერასოდეს ვერ გაიგებ, ვინ გიყვარს, თუ იმასთან ერთად არ იცხოვრეო.
ასე, აღფრთოვანების გარეშე გათხოვილი ჩემი დიასახლისი 20 წელი ცხოვრობდა თავის ქმართან ერთად და აპრეხილი ცხვირის წვერზე ეტყობა, რომ ქმარი, რომელიც თანაცხოვრების დროს გაიცნო,  შეუყვარდა.

მერე ქმარი ერთ-ერთი რუსული არდადეგების დროს ავარიაში დაღუპულა 5 წლის შვილთან ერთად და ნატაშა დეიდა ატირდა.

მე ვუთხარი რომ ძალიან მიყვარს საქართველოში მცხოვრები რუსი ქალები, სიკვდილამდე საყვარელი აქცენტით რომ ლაპარაკობენ, სხვანაირად ყურადღებიანები არიან და თვალებიც სიკვილამდე სხვანაირად უციმციმებთ და კიდე, რუსული "ფეჩი" მიყვარს, აუ, რუსი კლასიკოსების წიგნებში როა, კატა და თავადები რომ ერთად თბებიან და ზედ აფორთხება და გამოძინება რომ შეგიძლია. ეგეთ ფეჩს სადმე გადაკარგულ სოფელში თუ ნახავ, მე ჩემ ბავსვობაში ვნახე, ბებიის სახლში ბოლოს და მაშინ უკვე იშვიათობა იყოო. 

მოკლედ ეგრე. კინო მხოლოდ  ის არ არის, რასაც დიდ ეკრანზე გიჩვენებ, მაქსიმუმ სამ საათში მთავრდება და ბოლოს სუბტიტრები ჭირდება მთავარი და არამთავარი სახელებით და გვარებით.

დღეს ფესტივალის გახსნაზე  აბას კიაროსტამის ფილმს აჩვენებენ. აბასის თვითმფრინავმა ერთი საათით დაიგვიანა, სამაგიეროდ სამთავრობო დაცვაა მობილიზებული. ფესტივალზე სხვა სტუმრებთან ერთად პრეზიდენტსაც ელოდებიან.

Saturday, September 4, 2010

ყველას თავისი კინო აქვს

გახსოვთ ეგ ფილმი?
რამდენიმე რეჟისორის ნამუშევარს  აერთიანებს, პაწაწუნა ნოველებია და ყველა კინოს თემატიკაზეა შექმნილი.

გადასარევი ამბავია. გარდა იმისა, რომ  თუ სწორად მახსოვს,  საათნახევარში 34 რეჟისორის ნამუშევარს უყურებ, კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ სამყაროში ყველაფერი სუბიექტურ აღქმაზეა დაფუძნებული და იმას, რასაც შენ განიცდი, და ისე, როგორც შენ ხედავ, სხვა სავარაუდოდ ვერასოდეს ვერ დაინახავს და განიცდის.

კიდევ ხვდები იმასაც, რომ ფილმის ყურებაც  ჩვეულებრივი რიტუალია და ამ რიტუალს ყველა თავისებურად ასრულებს.

და საერთოდ, ფილმი დიდი არაფერი, ოდნავ ნერვებისმომშლელიც კია, უბრალოდ, როცა უყურებ, იმიტომ რომ ნერვები არ მოგეშალოს, ზიხარ და ფიქრობ რაა შენი კინო, რაა შენი ცხოვრების ან დღეების საუნდტრეკი, როდის უყურე ბოლოს  რიტუალურად ფილმს და  კიდევ მსგავს რამეებს.

 გადასარევი ამბავია ისიც, რომ უკვე მეხუთედ ბათუმში კინო ფესტივალი ტარდება, რომლის განმავლობაშიც იქ მყოფი ადამიანები ყველაზე მეტს ფილმებზე იფიქრებენ.

 ფესტივალი 12- 19 სექტემბერს ბათუმში ბათუმის ხელოვანთა სახლ ”არგანის” ორგანიზებით  გაიმართება და ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადი პროგრამის თანახმად დაახლოებით 45 სრულ-  და 30-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყობა.
ასევე გაიმართება ჟიურის წევრების ფილმების, გერმანული  და ბრიტანული ფილმების კოლექციების ჩვენებები. ეს უკანასკნელი ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი და მე ძალიან მომწონს რომ წელს პირველად ღია ცის ქვეშ ვუყურებ ფილმებს.

იგეგმება ასევე  აბას კიაროსტამის  და ზბიგნევ რიბჩნისკის ფილმების რეტროსპქეტივა.

საერთოდაც, აბას კიაროსტამი და ზბიგნევ რიბჩნისკი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრებიან კინოფესტივალის და  ფესტივალის ფარგლებში  მასტერკლასებსაც  ჩაატარებენ.

მოკლედ, ეს არის ფესტივალი ყველასთვის, ვისაც  თავისი კინო აქვს. და თუ თქვენ 12-დან 20 სექტემბრამდე ბათუმში აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ, რა ხდება მეხუთე საავტორო კინოფესტივალზე.


რაც  მე ყველაზე მეტად მომწონს არის ის, რომ:
  •  ფესტივალი არ ტარდება თბილისში და სადმე,  თბილისს გარეთაც შესაძლებელია ადამიანებს ბედნიერი თუნდაც ერთი კვირა ქონდეთ.





  • ამ ფესტივალის ორგანიზატორები იმაზე ბევრად ჭკვიანები არიან, ვიდრე ზოგადად ფესტივალების ორგანიზატორებს ჩვევიათ ხოლმე. დასკვნა სუბიექტურია და ემყარება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მათ ადეკვატურად აღიქვეს ბლოგერები და გასაშუქებლად მიიწვიეს.
  • გადასარევია, რომ 4 ფესტივალიდან, რომელსაც ბოლო 3 თვეში ვესწრები, 3 ბათუმში ტარდება. მიყვარს ეს ქალაქი.


პ.ს. დანარჩენ ამბებს ფესტივალის და ფილმების შემდეგ უკვე ბათუმიდან მას შემდეგ მოგიყვებით, რაც ჩემ კუთვნილ ბეჯს მოვირგებ და საფესტივალო ცხოვრებაში ჩავებმები.



მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის:


ხოოდა, გადაწიოს რა ვინმემ მაგისტრატურის გამოცდა, მაინცდამაინც 16-ში რომ დამინიშნეს და არც კი იფიქრეს იმაზე, რომ  მე  სულაც არ  ვარ ორი და არ  შემიძლია ერთდროულად  ორ ქალაქში ყოფნა. 

Sunday, August 16, 2009

რანია ალ-ბაზი და აზრიანი ბრძოლის მაგალითები


რანია ალ-ბაზი საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატელევიზიო სახე იყო.ქმრის ავადმყოფური ეჭვიანობის შედეგად ტელეცამყვანის ცხოვრება ოჯახის მომვლელის ცხოვრებამ ჩაანაცვლა,მერე ტელეფონზე ლაპარაკი აეკრძალა,მერე ქმრის პირველი ცოლისგან მოყოლილი ბავშვების მოვლა დაეკისრა და 2004 წლის 14 აპრილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოს კარებთან იპოვეს...




დაზიანებები ისევ ქმრის ეჭვიანობის შედეგი იყო და საავადმყოფომდეც იმან მიიყვანა...მას შემდეგ ქმარი არ უნახავს,თუმცა,როცა თვეების მერე პოლიციამ იპოვა,ერთადერთი იყო,რომელსaც მისი მდგoმარეობის შემსუბუქება შეეძლო და რადგან თავის ჭრილობებზე მეტად ის აწუხებდა რომ თავისი შვილების მამას საჯაროდ მოედანზე გამათრახება და 10 წელი ციხე ელოდა,თქვა,რომ თვითონ აპატია,მის დასჯას არ ითხოვდა და სასჯელის 3 თვიან პატიმრობამდე შემცირებას მიაღწია...



მაგრამ ეს ერთადერთი მიღწევა არ არის..


რანია დღეს უკვე ქალთა უბლებების დაცვის და ძლიერი ქალების სიმბოლოა...


კოშმარებიდან გამოღვიძების შემდეგ ზოგჯერ ჩნდება საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება და რესურსების გამოყენების სურვილი...





არადა,უფლებებს აშკარად ჭირდება დაცვა,როცა ცხოვრობ ქვეყანაში,სადაც ყველაფერს კაცები მართავენ. ,,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი ქვეყნების ლეგენდებში პოზიტიურ,ქაოსიდან წესრიგის შემქმნელ პერსონაჟს ყოველთვის ქალი წარმოადგენს,ჩვენ არაფერი არ ვართ გარდა ჩრდილისა ჩენი ქმრების,ძმების და მამების.სამარცხვინოა,როცა საუდის არაბეთში ქალს არ შეუძლია ქუაში გასვლა ქმრის ნებართვის გარეშე. მათთვის ჩვენ ვართ სხეულები სულის,პირადი აზრების და გრძნობების გარეშე.სასიყვარულო ისტორიები აქ დახურული თემაა.სიტყვა ,,სიყვარული'' ტაბუა.ამაზე ლაპარაკი იკრძალება,როგროც ამორალური საქციელი.ქალებს არ შეუძლიათ ისწავლონ სამართალი და იმუშაონ საჯარო სამსახურებში...აკრზალვების მთელი ნუსხა,რა თქმა უნდა ამწარებს ჩემ ცხოვრებას,მაგრამ არ მარხავს ჩემ სიყვარულს ჩემი ქვეყნისადმი...მე ამაყი ვარ ბედუინების სიმამაცით და სტუმართმოყვარეობით,როცა სადმე სხვაგან არ მენატრება ჯიჰას განუმეორებელი ყავის არომატი და ზღვის ხმა...''








,,მე არ ვარ ნაცემი რომელიმე რელიგიური კანონის თანახმად,მე ეჭვიანობით ავადმყოფი ქმრის მსხვერპლი ვარ.ის,ვინც მსგავს საქციელს ისლამის სახელით ნიღბავს,იტყუება,და ის ვინც,მსგავსი პრობლემების მიზეზს ისლამში ეძებს,ცდება.ეს მხოლოდ კაცების ხასიათის პრობლემაა.ყურანი სიყვარულს გვასწავლის და არა სიზულვილს,როგროც დღეს ფანატიკოსები და რადიკალები ირწმუნებიან.''
,,რაშიდის ავადმყოფური ეჭვიანობა იყო ეჭვიანობა ჩემ პოპულარობასა და წარმატებაზე,იმაზე,რაც თვითონ აკლდა.მისი,როგროც მომღერლის კარიერა ძალიან მოკლე ხანში დავიწყებას მიეცა,ერთადერთი,ვისაც მისი ტალანტის ჯეროდა,თვითონ იყო,მისი სიამაყე კი არ აზლევდა საშუალებას რეალურად შეეხედა მოვლენებისთვის.მას უბრალოდ არ შეეძლო აეტანა,რომ ჩვენ ორიდან პოპულარული მე ვიყავი,მე მეპატიჟებოდნენ სადილებზე,შეხვედრებზე,მე მცნობდნენ ქუჩაში და მე ვიღებდი წერილებს,თვითონ კი კამერის,აპლოდისმენტების და პროჟექტორების გარეშე ცხოვრობდა.რაშიდმა იცოდა,რომ ჩემი სახის დამახინჯება,ჩემ კარიერის დამახინჯება იყო.უსახო ან მახინჯი ტელეწამყვანი ვერ იარსებებს,უკარიერო რანია ვეღარავის მოაქცევს ჩრდილში...ამიტომაც იყო ჩემი დაზიანებების აბსოლუტური უმრავლესობა სახეზე...''



უბედური შემთხვევიდან ორი წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ქალთა უფლებებზე სემინარებსა და კონფერენციებში.



,,იქ შევამჩნიე,რომ ბვრმა სულაც არ იცოდა,როგორია სინამდვილეში ჩვენი ქვეყანა,როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები. ბევრს გონია,რომ საუდის არაბეთი უდაბნოს,ისლამისტების,ჩადრიანი ქალები და ტერორისტების ერთობლიობაა.ჩემ წიგნში შევეცდე მელაპარაკა სიყვარულზე,არჩევანსა და ოჯახზე. ის,რაც მე დამემართა,შეიძლება ნებისიერ ქალს დაემართოს''



ამბობს,რომ მსგავსი პრეცენდეტები ყველგან ბევრია,უბრალოდ აღმოსავლეთში ამას მეტად მალავენ,რადგან ნაკლებად ინფორმირებულები არიან თავიანთი უფლებების შესახებ,და მისი წიგნიც და მისი აქტიურობაც მაგალითია იმისა,რომ არავინ არ მოვა შენთან და გკითხავს,როგრო ხარო,როცა პობლემა გაქვს,შენ თვითონ უნდა გამოიტანო ის სააშკარაოზე და დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა...




ადამიანმა ყოველთვის უნდა იცოდეს,რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი...


უნდა იცოდეს რომ ტრაგედიიდანაც შეიძლება რამე ისწავლო...


უნდა იცოდეს,რომ როცა ვიღაცა მოდის და ,,შენად'' ყოფნას გიშლის,ჯოჯოხეთის იქით უნდა გააგზავნო...



მაგალითად,როგროც ამ ფილმში(http://www.youtube.com/watch?v=jXkVQm0QPyY),%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA ბრძოლას ერთი იწყებს და არავის არ ჯერა,რომ რამეს მიაღწევს,სადაც მეორე მხარეს ბევრად დიდი და უხეში ძალაა და სადაც თავდაჯერება,რწმენა და სიმართლე ერთის გვერდზე ბევრს აყენებს...


5 პურით და ერთი თევზით ბევრის გამოკვება შეიძლება, გულზე მოსახვედრი ისტორიებით საზოგადოებრივ პრობლემებზე დაფიქრება, კარგად ფორმულირებული სათქმელით სხვების ტვინებში და მეხსიერებებში დაბუდება, წამოწყებული ომით მშვიდობის შეყვარება....



ხშირად ვფიქრობ ხოლმე რომ დებილობაა ცხოვრებაა ავტორიტეტების გარეშე,დებილობაა,როცა არავის არაფრისთვის თავის გაწირვა ჭირდება,როცა არაფერია მოსაპოვებელი,როცა სულ ერთია რას იტყვი და რას გააკეთებ,ჭაობს ექო მაინც არ აქვს...


ვინმეს თუ საბჭოთა კავშირის ნოსტალგია აქვს იმიტო,რომ კეთილმოწყობილობის ილუზიები აწუხებს,მე ვფიქრობ რომ საბჭოთა კავშირის გარეშე გურამ რჩეულიშვილის ღამეში გასროლილ ტყვიას და ზამთარ-ზაფხულ ბათინკებს და გაღეღილ საროჩკას აზრი არ ექნებოდა,ისევე როგროც ვიქტორ ცოის სიმღერებს...

ფანატიზმის,რადიკალიზმის და ფუნდამენტალიზმის გარეშე არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდარანია სააშკარაოზე გამოვიდოდა თუ საავადმყოფოდან პირდაპირ სახლში წავიდოდა...

მერაბიშვილის უსინდისო დუმილის და არაფრის არ შემჩნევის გარeSe აქტუალური არ იქნებოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა...გასუქებული მამების და მომრავლებული სიმახინჯეების გარეშე არ იარებებდნენ ჰიპები და ბიტნიკები და არ იქნებოდა ვუდსტოკი...

ყელში ამოსულობის გრძნობის გარეშე არ ვიქნებოდი იქ სადაც ვარ...



და კიდე დებილობაა არა მარტო მიზნის და მაგალითების გარეშე ცხოვრება,დებილობაა რწმენის და სიყვარულის გარეშე ცხოვრებაც...



შეგიძლია გწამდეს იმის,რომ ისლამი სიყვარულს გასწავლის,შეგიძლია გწამდეს იმის,რომ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება არსებობს,ან იმის,რომ შენი სურვილები ხმამაღლა უნდა იძახო და უნივერსუმში გაგზავნო,თუ გინდა აგისრულდეს,შეგიძლია გჯეროდეს რომ შენსავით არასოდეს არავის არავინ არ ყვარებია და გიყვარდეს ყველაფერი,ან მარტო რამდენიმე არსება და თანაც სრულიად მშვიდად და უდრტვინველად...
მთავარია გწამდეს და გიყვარდეს,ის რაც შენ გინდა და ისე,როგროც შეგიძლია...



პ.ს.ვინაიდან ვერ გავიხსენე ვერავინ,ვინც უფლებებს მიზღუდავს და ვერაფერი,რისთვისაც ბრძოლა უნდა დავიწყო,გავიხსენე ის,რაც მიყვარს და ამიტომ ჩანთა ჩალაგებულია და ერთი კვირა ხორვატიაში ვქრები...