Tuesday, September 28, 2010

მთების კონტურები და სუნთქვის სიხშირეები, ანუ ამბები ყაზბეგიდან

არის ხოლმე რაღაცეები, რაც ზუსტად მაშინ ხდება, როცა მოსახდენია.
ზუსტად ასე, შაბათს გადასარევი დღე იყო, კვირას გულმოდგინედ და სკულპუოზულად წვიმდა, ორშაბათის მზემ ლოყები დამწვა. 
მთელი ეს დღეები მე ყაზბეგში ვიყავი, მთების კონტურებს ვიმახსოვრებდი, მეგონა, რომ ცაში ვინმე ბებო იჯდა და ღრუბლებს წეწავდა და  ძალიან, ძალიან მინდოდა  ჟანგბადის საჭიროზე მეტი    რაოდენობა ამეთვისებინა. 

დიდი არაფერი შეცვლილა, რაც მე იქ არ ვყოფილვარ. 
უბრალოდ, უფრო მეტი ტურისტი დადის, უფრო მეტი გემრიელსაჭმელებიანი საკვები ობიექტია და რამდენიმე ქუჩა ახლადმოკირწყლული.

უბრალოდ, მე მივხვდი, რომ როცა იქ ხარ, სადაც მთების კონტურები უნდა იზეპირო და ვიღაცის გაწეწილ ღრუბლებს უყურო, როცა იმდენად სუფთა ჰაერს სუნთქავ, რომ შეიძლება ფილტვები გეტკინოს, როცა ღამე ვარსკვლავებს ელოდები, რომლებიც არ  ჩანან და შენ მაინც ელოდები, როცა ისეთი სიჩუმეა, შენ გვერდზე მყოფის ყველა ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა გესმის, უნდა მოარჯულო  გარშემო არსებული ურბანული ნაგავი, კაბელების ხლართები და დაფეხვილი ანძები, უნდა დაივიწყო ყველა ხმამაღალი და მყვირალა სიტყვა, უნდა გაიკეთო სიყვარულები თვალებზე და ყველაფერი ბევრად ლამაზი იქნება.
კონტურები






მორჯულებული ურბანული ნაგავი


მომავლის ახსნა:  
თუ ვინმეს როდესმე გითხარით, ყაზბეგში წავიდეთ თქო, ეგ იმას ნიშნავს, რომ კონტურებთან ერთად სუნთქვის სიხშირის დაზეპირებაც მინდა და კიდევ იმას, რომ მინდა, რაც ძალიან, ძალიან მიყვარს, მარტო ჩემი არა და კიდევ  თქვენიც  იყოს.

პ.ს. პოსტთან არაფერ შუაშია, მაგრამ ბევრი ეძებდა წინა დღეებში ალტერვიჟენ 2010-ზე ინფოს. ეგ ამბავი 30 იქტომბერს გაიმართება და უფრო ვრცლად, მუზამეზე

ხო, მანამდე თეატრალური ფესტივალი იწყება 29ში, რომლის ამბებს, გზადაგზა ალბათ მოგიყვებით.

პ.ს.2
ჩამოსვლიდან ზუსტად 10 საათში ისევ იწყება სამსახურები, ფესტივალები და  მანქანების ხრიგინი. საჭირო და არასაჭირო სატელეფონო ზარები და უახლესი დღეების გეგმები.
სულაც არ მომწონს ეგ ამბავი.