Wednesday, October 6, 2010

რუტინული ქალები, მენეჯერების გამოსაგზავნი სმს-ები და ყოფითი წვრილმანები

მე მაინც მგონია რომ უფრო მეტი  ახალი შეგრძნებები, ახალი მელოდიები, ახალი აქსესუარები და ახალი  ემოციები მჭირდება.

ახალი ხალხი სავარაუდოდ  აღარ.
იმიტომ არა, რომ ადამიანები აღარ მიყვარს, ან საკმარისზე მეტი მყავს გარშემო, უბრალოდ, მსგავსი ფორმულებით, ისტორიებით, თანმიმდევრობებით და არათანმიმდევრული  მოვლენებით  მომწყინდა.

ჩვენ ყველას ზაფხულში ზამთარში გვინდა, წვიმიან ამინდში სახლში ჯდომა, სამუშაო დღეებში შაბათ-კვირა, შაბათ-კვირას რამე განსაკუთრებული და როცა რამე განსაკუთრებული ხდება, ვითომც აქ არაფერი.


ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ რომ კომპიუტერი გვიწოვს და სუფთა ჰაერი ჯობია ვირტუალურ ილუზიებს, რომ სადმე წასვლა ხშირ შემთხვევაში პროგრესს გულისხმობს და რომ გულწრფელობა დასაფასებელია.

ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთი უნდა მოგვენატროს, გვიყვარდეს, გვაინტერესებდეს, გვაღელვებდეს და მაინც, ურთიერთობები ქრონიკულად პრობლემური თემაა.
და კიდევ ათასი მსგავსი რამ.

მე  აღარ მინდა ერთი და იგივე ფორმულები, თანმიმდევრობები და არათანმიმდევრულობები.
და არც ახალი ადამიანები.
ბევრად ჯობია გვერდზე გაიხედგამოიხედო.

 ახალი შეგრძნებები კი მაინც მჭირდება, ახალი ემოციებიც და ახალი მელოდიებიც.

ყველა ჩემ ფოლდერებში ჩალაგებულ სიმღერას თავისი ამბავი აქვს.ყელში ამოსული.

ყველა ქუჩას ორიათასი ნაბიჯი მაინც ახსოვს ჩემი.სხვებისაც.

ყველა აქსესუარმა  როდესღაც
უკვე  გამოხატა თავისი თავი. მოწყინდათ.

მადამ ტუსო საცოდავად წკმუტუნებს, გარეთ ცივა და ჩვენ წვიმიან ამინდებში უფრო ნალკებს ვსეირნობთ, ვიდრე არაწვიმიანში. 


მე მთელი კვირა ვფიქრობდი, არაფერს აღარ დავწერ, სანამ ისევ არ გავივსები თქო.
დღეს გადავიფიქრე.

ჩემი მეზობლები წინა კვირაში სახლის სახურავს ცვლიდნენ და მე ყოველდღე ვწუწუნებდი, რომ კაკუნი მაღვიძებდა. ბოლო ორი დღეა მიხარია, რომ გამოცვლა წვიმების დაწყებამდე მოასწრეს. 


მე ისევ მინდა სიმპატიური ნოე, მიუხედავად იმისა, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ის არც კიდობანს ამიშენებს და არც 40 დღე გაჩერდება შიგნით ჩემთან და თუნდაც მარტო მადამ ტუსოსთან ერთად.  ნოეები მაქსიმუმ ერთ კვირას ცოცხლობენ.


თეატრალური ფესტივალის არც ერთ სპექტაკლზე არ ვყოფილვას. ორშაბათს მივედი არლეკინისთვის, მაგრამ იმდენი ხალხი იდგა თეატრის წინ ზუსტად მაშინ, როცა სპექტაკლი 5 წუთში უნდა დაწყებულიყო, მივხვდი, რომ  +1 სნობი არაფერში არ იყო საჭირო. და საერთოდაც, მგონი დროა გადავწყვიტო, რომ თეატრში გაურკვეველი მიზეზების გამო დავდივარ და რეალურად სულაც არ მიყვარს.


და მივხვდი, რომ  ოქტომბერი ზოგადად კრიზისული თვეა, სექტემბერი კი მალე გავლადი.
შარშან ოქტომბერშიც 5 დღის მკვდრები მელანდებოდნენ.

ეს ბათუმის ჯაზ ფესტი რომ შემომახსენდა იმიტომ და კიდევ, მალე თბილისის რომ დაიწყება და მიხარია, იმიტომაც.

პ.ს. ამ ქალების მხატვარი ქალი კი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ რამეებს ხატავს, მაგრამ მე თუ მკითხავს კაცი, კარგად ესმის, ერთფეროვნებების, სულელური თვითგამოხატვის მეთოდების, რუტინების და კიდევ ეგეთი ამბების.


ხო, სამსახურებს თავში ჭკუა რომ ქონდეთ, აუცილებლად დაიკეტებოდნენ წვიმიან ამინდებში და მენეჯერები აუცილებლად გამოგვიგზავნიდნენ სმსებს, რომლითაც ტკბილ ძილს და სასიამოვნო სიზმრებს გვისურვებდნენ წვიმიან დღეებში.