Friday, July 17, 2009

დღეები ალისას, ალბინოსების და ფრენის სუნის ეფექტებით

როცა კურდღელი 59-ჯერ გადახტა მეზობელ კურდღელთან საფლირტაოდ, მიხვდა, რომ არც ალისა იყო, არც საოცრებათა ქვეყანაში ცხოვრობდა და კურდღლები რბილად რომ ვთქვათ, ეჯავრებოდა.

ბავშვმა თხოვა, აივანზე მეორე, მუდმივად ცარიელ სკამზე დავჯდები, არ მეძინება და შენთან ერთად როცა ვარ, გრუხუნის არ მეშინიაო. თავისი პლედი ბავშვს მოასხა და ერთად დაითვალეს ათასი სპილო ჭექა-ქუხილის შესაწყვეტად.
 თბილოდა.

მატარებლის გასვლამდე 10 წუთი იყო დარჩენილი. ბოლო სიგარეტს მოუკიდა, ბეღურებივით მიმსხდარ, გაზეთებგაშლილ მოხუცებს გახედა და გაახსენდა გუშინ რო ყველაზე სასურველი ქალი.
გაეღიმა.

დილით ცას ახედა, არაფერისმთქმელი ფერის იყო, მაგრამ ჰაერს უდიოდა ფრენის სუნი. ჩანთა ჩაალაგა და სამი დღე ყველაზე ჭრელ, ყველაზე მხიარულ და ყველაზე არომატულ ქალაქში უმიმართულებოდ დაფრინავდა. თავისუფლებას გემო არ ქონდა და ჰაერი გაუმჭვირვალე იყო.

ალბინოსმა მეზობელმა ნიგერი გოგონა მოიყვანა ცოლად და პირველი ბავშვი აუტანელი სიხშირით ამბობდა, რომ შოკოლადი და ვანილის ნაყინი უყვარდა და არა კაკაო. ის კი ასეთივე აუტანელი სიხშირით ფიქრობდა, რომ კაკაო ჯობია ზებრას და მადლიერება აუცილებელი გრძნობაა. ბავშვისთვის არაფერი უთქვამს.

8 თვის თანაცხოვრების შემდეგ, თანამცხოვრებელმა სქელტანიანი წიგნი რომ იყიდა, იფიქრა, დედამიწა ხანდახან უკუღმა ბრუნავსო, მაგრამ წიგნი დიეტების კრებული აღმოჩნდა და ყველაფერი ჩვეულ წესრიგს დაუბრუნდა, დედამიწაც, რა თქმა უნდა…

ვიღაცამ უთხრა, ბედნიერი ადამიანი ჩანხარო და გაახსენდა, ადრე, როდესღაც, მეგობარმა რომ უთხრა, სიცოცხლე გიყვარსო…ორივე შემთხვევაში ერთნაირი ემოცია იყო...რაღაცას დიდხანს რომ ეწვალები და მერე ვიღაც ერთ წამში რო გააკეთებს და შენ გიკვირს, როგორ იყო ასე ადვილი…

შუშის კარი ნელ-ნელა იხურებოდა და ზედ მყოფი თავისი გამოსახულება ხელის დაქნევის გარეშე ემშვიდობებოდა……

საკუთარ ქალაქში საკუთარი სახლი უნდოდა, აივანზე ჭრელი ტრუსიკების ნაცვლად ჭრელი ყვავილები და განწყობები რომ გაეფინა და არ დაეკარგა შეგრძნება,რომ წასასვლელი ყოველთვის აქვს. ქვემოთ ახლადდაგებული ასფალტია..

ყოველ გამთენიისას ამაოდ ქონდა იმედი რომ სიზმარს დილამდე მიიტანდა...დაულაგებელი აზრები უყვარდა, ქვეცნობიერი და დილის ძილი...

როცა სადღაც, ვიღაც მასზე ბევრად ჭკვიანმა და სავარაუდოდ ძლიერმაც ანიშნა, სულ ცხოვრება სულ ყვავილებიან მინდორზე წოლა და მზის სხივების შეგროვება არ არისო, მიხვდა რომ ტკივილისთვის მზად არ იყო, უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, თვალები დახუჭა, …და გვერდზე გადაბრუნდა. პასუხისმგებლობები ჯერ ისევ შორს იყო...

კურდღელი 178-ჯერ გადახტა მეზობლის ეზოში საფლირტაოდ. ამჯერად უკან აღარავის დაუბრუნებია  მოქმედება ისედაც საოცრებათა ქვეყანაში ხდებოდა…

იმ დილას პირველი სიზმარი მოიპარა და სანამ მოიფიქრებდა, ვისთვის მოეყოლა, მაღვიძარამ დარეკა.
სამზარეულოში მადუღარა ელოდებოდა და
მანქანები ჩიტებზე მეტად ხმაურობდნენ...