Tuesday, October 13, 2009

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი


დღეს ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ერთხელ გაიხსნა და კვირის ჩათვლით ათასობით გამომცემელი, მთარგმნელი, მწერალი, მხატვარი, ილუსტრატორი, ექსპერტი,
მკითხველი, ცნობისმოყვარე, საქმიანი და უსაქმური წიგნის იდეის გარშემო გაერთიანდება.

როდესაც ფესტივალის იდეა ყალიბდებოდა და ფესტივალი ფორმას იძენდა, ყველაზე უხვი ფანტაზიის მქონე ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენდა, თუ როდესმე ამდენ განყოფილებიანი იქნებოდა. . .

მაშინ ხომ საჭმელების გასაკეთებლად არავის ჭირდებოდა წიგნები, თამაშით მარტო ბავშვები თამაშობდნენ, ისიც ტყეში და სილაში, მოსმენით მარტო ადამიანებს უსმენდნენ და არა ჩიპებსა და დისკებზე ჩაწერილ ისტორიებს, კომუნიკაცია მარტო რეალური იყო,საავტორო უფლებები მარტო საკუთარ კარმიდამოსა და ცოლ-შვილზე ვრცელდებოდა და წერა-კითხვა პრივილეგია. . .


ბოლო წლების ფრანკფურტის ფესტივალზე ტრადიციული წიგნების გვერდით უხვად გამოიფინება აუდიო და ციფრული წიგნები, იყიდება თამაშები და კინოები, მზარეულთა შოუები, იხატება კედლები, იმართება მსჯელობები, ზოგადი დროის უკმარისობის პირობებში როგორ არ უნდა დაიკარგოს კითხვის კულტურა...

წელს იმართება კონფერენცია თემაზე: ,, კითხვის კულტურა ციფრული კომუნიკაციების ტექნოლოგიის ეპოქაში’’, სადაც ბიბლიოთეკების წარმომადგენლები,ავტორები და გამომცემლები შეეცდებიან მოიფიქონ,როგორ გამოიყენონ ტექნიკური პროგრესი თავიანთი მიზნებისთვის.

ტარდება პრეზენტაცია : ,,წიგნები და ბაიტები’’ ,სადაც პრეზენტირდება ონლაინ პროდუქტები წიგნისა და წიგნებით ვაჭრობის თემაზე.

იგეგმება ასევე სიმპოზიუმი : ,, ვინ კითხულობს დღეს რომანს’’. . .

სანამ სიმპოზიუმი გაიმართება და ჩემზე უფრო ჭკვიანები მოიფიქრებენ, კითხულობს თუ არა ვინმე რომანს, მანამ წიგნის ფესტივალის საგამოფენო სივრცეში თავიანთ ადგილს იკავებენ კომიქსები.
წელს კომიქსების მოყვარულებს განსაკუთრებით მყუდრო და მოხერხებულ ბალიშებიან ოთახში შეეძლებათ მოკალათება და კომიქსებით ტკბობა. . .

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა და ნიურნბერგის თამაშების ბაზრობის ერთობლივი პროდუქტი,თამაშების საგამოფენო სივრცე უკვე ცხადია რომ დამთვალიერებელთა მაგნიტი იქნება . . .

 Aასევე განსაკუთრებული ყურადღების ცენრტშია ფოტოები და სურათები. . .
იმართება მასტერკლასები სხვადასხვა თაობის ფოტოგრაფებს შორის, ვორკშოფების შემოთავაზებები სააგენტოების მიერ, პორტფელიოების განხილვები და ფესტივალის დასრულებამდე აუცილებლად აირჩევა 20 საუკეთესო ალბომი.


 ზოგადად მსგავსი ფესტივალები წიგნის მოყვარულებს აერთიანებს, მაგრამ ფრანკფურტში მკითხველებზე მნიშვნელოვანი, გამომცემლობების, მთარგმნელების და ავტორებისთვის არის, რადგან უჩვეულოდ ბევრი მონაწილე, ბევრი განყოფილება, ბევრი სიახლე ხელს უწყობს ახალი კონტაქტების, ახალი იდეების ჩასახვას, პრობლემების მოსაგვარებლად გამოცდილებების გაზიარებას. . .

სწორედ ამიტომ, ფესტივალის განმავლობაში მრავალფუნქციურ თეთრ ოთახში, მედიისა და კომუნიკაციის ექსპერტები ყველა დაინტერესებულს ესაუბრებიან ახალი საზოგადოების მოდელირების პირობებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ეფექტურ სტრატეგიებზე, ბეჭდვის მეთოდებზე. . .
ყოველ დღე გაიმართება ბიზნეს საუზმე, რომელიც ასევე კომფორტულ და უშუალო გარემოში გაცნობასა და დაახლოებას ისახავს მიზნად. . .
არის ასევე ჩაის დრო, იგივე მიზნით. . .

იმართება სემინარები საავტორო უფლებებისა და ლიცენზიების მოპოვების გზებზე, პირატული გამოცემების პრობლემებზე და რა თქმა უნდა იმაზე, აქვს თუ არა გუგლს უფლება, მოახდინოს წიგნების გაციფრულება. . .

წიგნის ფესტივალს ყოველწლიურად ყავს საპატიო სტუმრის რანგში რომელიმე
ქვეყანა. . . წელს სტუმარი ჩინეთია, რომელიც თავის მხრივ თავისი კულტურით მასპინძლობს ფესტივალის სტუმრებს. . .

გარდა ჩინური წიგნების პრეზენტირებისა, ავტორების, მთარგმნელებისა და გამომცემლობების შეხვედრებისა, იმართება ღონისძიებები თემაზე: ,,ტრადიციები და ინოვაციები’’. რომლის ფარგლებშიც გამოიფინება უძველესი ჩინური ხელნაწერები, მხატვრობის ნიმუშები, მოხდება თანამედროვე ბეჭდვის ტრადიციების გაცნობა. . .

ასევე, ჩინელი მხატვრები მოაწყობენ გამოფენებს, იგეგმება ცეკვის,საბრძოლო ხელოვნების, ლომების ცეკვის პერფორმანსები...
ასევე, ჩრდილებისა და თოჯინების თეატრალური წარმოდგენები, ხეზე ამოჭრილი გრაფიკების, მინიატურების, ბუდისტური მხატვრობის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენები. . .
და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უგემრიელესი ჩინური ჩაის არომატის თანხლებით. . .

ჩემი ჩარევის გარეშეც მიხვდებოდით, რამხელა განსხვავებაა თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის ფესტივალებს შორის, და იმასაც რომ მთავარი სხვაობა მასშტაბები არ არის, მთავარი განსხვავებული დამოკიდებულებებია. . .

აქ არავინ ფიქრობს იმაზე,რომ ჩინელები სამშობლოს ართმევენ. . . არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კომიქსები არასერიოზული ხალხის საქმეა. . .
 არავინ ამბობს, რომ კომპიუტერის ბრალია,ხალხი წიგნებს რომ აღარ კითხულობს. . .
  არავინ ცდილობს პრობლემების სხვებზე გადაბრალებას.. .
  არავინ დადის წიგნის ფესტივალზე მოდის გამო...

თუმცა არსებობს სუნი, რის გამოც არც ეს ფესტივალი მეიდეალურება. . .
აქ გარემოს წიგნების სიყვარულზე მეტად კომერციის სუნი ადის. . .

მე კიდე ქართველი მკითხველი ვარ.