Saturday, October 17, 2009

სტუმრად...

არასდროს ასეთი სიფრთხილით ბლოგზე არ მიწერია, არასდროს დამიწყია სიტყვების არჩევა, არასდროს მქონია ეს განცდა ადამიანები ნერვიულობას, რომ ვეძახით, ალბათ იმიტომ რომ არასოდეს ვყოფილვარ მოწვეული სტუმარი ბლოგზე. ოდესმე ყველაფერი პირველად ხდება და ეს პირველი არის გამორჩეული, თუნდაც იმიტომ, რომ არის პირველი და არა შემდეგი, არის უცხო, არის ახალი.
ნასტასიას შემოთავაზებას დავთანხმდი და დღეს, როდესაც მის სამყაროში შევაბიჯე, არ გამჭირვებია იმაზე ფიქრი რაზე დამეწერა პოსტი. ძალიან ბევრს ვფიქრობ ზოგადად ადამიანებზე, იმაზე, რომ თითოეული იშვიათი და უნიკალური ეგზემპლიარია, თავისი ცხოვრებით, ჩვევებით, გრძნობებით, ემოციებით, ნიღბებით. რამდენი ათასწლეულია არსებობს, ფიქრობს, ფუსფუსებს, იღწვის, შრომობს, იმარჯვებს, ტკივა, უხარია, მარცხდება, დგება და წინ მიდის. დაუსრულებელია სიარული, თუმცა ძნელია მტკიცება, რომ ზუსტად წინ მიდის, იქნებ ერთ ადგილს ტკეპნის, იქნებ გვერდზე მიდის. ეს დღეებია ამეკვიატა გოლზუორთის სიტყვები: ”ცხოვრებასთან რა ცუდად შეწყობილი ცხოველია ადამიანი!” მიზანს ისახავს და ამ მიზნისთვის რას თელავს არ უკვირდება. გეგმები აქვს, თუმცა რისთვის ჭირდება არ იცის, თავს იცავს თუმცა რისგან ან ვისგან, ან თუნდაც რის ფასად ძნელად თუ აკვირდება. ფაქტებს ეჭიდება და ავიწყდება, რომ ცხოვრება შეგრძნებებისა და ემოცებისგან შედგება. ფაქტი მშრალია, მის უკან მდგერი ემოცია კი უკიდეგანო და სიტყვებით ამოუწურავი... რუხმა ყოველდღიურობამ შთანთქა ნამდვილი პასუხი კითხვაზე _  რატომ ვარსებობთ? ძველი ესპანური ნათქვამია: ”არავინ იცის საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, მთავარია გზაში ვიყოთ ბედნიერი”, მე არ მინდა ჩავუღრმავდე იმას საიდან მოვდივართ და საით მივდივართ, თუმცა ბევრი ვიფიქრე იმაზე როგორ უნდა ვიყოთ გზაში ბედნიერნი. როგორ? უბრალოდ ვაჩუქოთ ერთმანეთს ადამიანობა, ფერები და ღიმილი, კვირაში ერთელ მაინც დავივიწყოთ საქმე და აუცილებლობა და მეგობრებს, ნათესავებს, მშობლებს, ახლობლებს ჩავეხუტოთ, სითბო და სიყვარული ვაჩვენოთ, ვაჩვენოთ ის ძალა რაც დედამიწაზე ფერად სიცოცხლეს ინარჩუნებს...



მაჩუქეთ ფერები...

Posted by Lalena