Wednesday, February 10, 2010

თოვლი,სტატისტიკა და სამი სხვადასხვა დრო

როცა მოთოვა ჩემ მეგობართან ვიყავი,კეტები მეცვა და ფეხების დასველება იმდენად არ მიყვარს,სულ დამავიწყდა როგორ ველოდებოდი თოვლს თბილისში.

მინდოდა მთაწმინდაზე მებოდიალა,აჩხა-ბაჩხა ქუჩები გადამეღო და ცხვირი გამყინვოდა. წელიწადზე დიდხანს ვგეგმავდი. როცა მოთოვა,ვიფიქრე,რომ ზოგჯერ რაღაცეებზე ოცნება უფრო კარგი თავშესაქცევია,ვიდრე ოცნებების გადმორეალურება.
მერე კეტები გამოვიცვალე და რამდენიმე დღე ძირითადად ღამე დავდიოდი,იმიტო რომ განათებაზე ყინულის ლოლუები უფრი თბილად ბზინავდნენ.კიდე,მივხვდი,რომ კორპუსების სიმახინჯის დასამალად ამოსულ ნაძვებს მოწყინათ სხვისი პირბადეობა და თვითონაც დაიმალნენ.
არადა,კორპუსები არც ისე მახინჯია,უბრალოდ საშიშია,იმიტომ რომ უფრო მეტ ცხოვრებას ყლაპავს,ვიდრე სახლი,უფრო მეტი ფანჯარა და კარები და აქვს სხვების ცხოვრების გარეთ გამოსაჟონად და გარედან ყოველთვის მკვეთრად ჩანს,ვის ცხოვრებას ძინავს და ვისას არა.რომელიმე რეინკარნაციის მერე სიამოვნებით ვიქნებოდი მატარებელი ან უსახური კორპუსი,გადაგყლაპავდით და მერე მშვიდად დაველოდებოდი,როდის ჩავიდოდნენ,როდის გამყიდდნენ,სადამდე გამყვებოდნენ,როგორ იგრძნობდნენ ჩემში თავს და სადამდე მივიყვანდი.

იმედია,რეინკარნაციის მერე ნაკლებად სენსორული ვიქნები და კითხვებზე პასუხებს უფრო მშვიდად დაველოდები,ვიდრე ახლა.
ხოო,წინა წლების თოვლები გამახსენდა და სულელური ამბები.

მერე ვიფიქრე,რომ როცა ოცნებების დალაგება უფრო კარგი თავშესაქცევი არ არის,ვიდრე გადმორეალურება,უფრო მეტი წინა თოვლი გექნება გასახსენებელი და საერთოდ,მიხვდები,რას ნიშნავს სამი დროს არსებობა.

პ.ს.ამ ბოლოს შევნიშნე,რომ პირველ დროში ჩემ პოსტებს არც მკითხველები ყავდა და არც კომენტარები ქონდა,მეორე დროში ორივე იშოვა და ახლა მკითხველებმა მოიმატეს და კომენტარებმა იკლეს.ეს სამი დრო ბუნებრივია არ ემთხვევა რეალურ სამ დროს.