Thursday, February 4, 2010

მოსკოვური ღამეები და გერდ ლუდვიგი

სულ რამდენიმე საათის წინ ვიპოვე,შემთხვევით,ხვალ მუზამეზე დასაწერ მასალას ვქექავდი და საიდანღაც გამოჩნდა.უცნაური კაცია,სახელადაც და გვარადაც სახელი აქვს,ადრე გერმანულ ლიტერატურას,სოციალურ მეცნიერებებს და ფიზიკასაც კი სწავლობდა,მერე სკანდინავიის ქვყნებსა და ჩრდილო ამერიკაში მებაღეობდა,მშენებლობდა,მეზღვაურობდა და მიხვდა რომ ამდენი სიარულისას სუვენირები უნდა შეეგროვებინა სამშობლოში ჩასატანად.ფოტოაპარატი იყიდა და გერმანიაში დაბრუნებულმა არა მარტო უამრავი სუვენირად ქვეული კადრი,არამედ გადაწყვეტილებაც ჩაიტანა,რომ ფოტოგრაფიის სწავლას იწყებდა.


მშობლების აღფრთოვანებას არ დალოდებია,ისე დაამთავრა ესენის ფოტოგრაფიის უნივერსიტეტი,ერთ-ერთი პირველი გერმანული ფოტოსააგენტოს vision-ის  დამაარსებელი გახდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფოტოგრაფად ითვლება.წარმატებულობის,გამორჩეულობის და პოპულარობის ბევრი კრიტერიუმი არსებობს და მე ვერცერთს ვერ ვენდობი ხოლმე სიმყიფის და ცვალებადობის გამო. ამიტომ მე ჩემი არანაკლებ მყიფე,მაგრამ ჩემი კრიტერიუმები მაქვს: გერდის შემთხვევაში,ის რომ ძალიან ადრევე მიხვდა,ფოტოებით იმაზე მეტს მოყვებოდა,ვიდრე რომელიმე მეცნიერების საფუძვლიანი შესწავლით,მერე ის,რომ რომ ახალგაზრდობაში ოცნებობდა,პირველი ფოტოგრაფი ყოფილიყო,ვინც მთვარეზე გაფრინდებოდა,ეგრეა,თუ რამე ძალიან დიდზე არ ოცნებობ,დიდს ვერაფერს მიაღწევ და მთავარი იმიტომ,რომ ძირითადად მუშაობს სოციალური ცვლილებების დაჭერაზე გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
თუმცა ამჯერად უნდა მოგიყვეთ ფოტოებზე,რომელიც გერდმა მოსკოვში გადაიღო.


მოსკოვი ჩემთვის სულ არის საშინელი ქალაქი,რომელიც ასოცირდება წითელ მოედანთან,სკინჰედებთან,საშინელ ყინვასთან,სოციალიზმთან და სულ ვამბობ,რომ მანდ ყველაზე ბოლოს წავიდოდი. სხვებისთვის არის საბჭოთა კავშირის სიმბოლო,უდინამიკო,რიტმის და ინდივიდუალიზმის გარეშე წლების განმავლობაში მცხოვრები დიდი ქვეყნის დიდი დედაქალაქი.

გერდმა კი გვაჩვენა,რომ არ არსებობს ქალაქი,რომელიც ერთი რომელიმე ცხოვრებით ცხოვრობს და რომ გამონაკლისი არც მოსკოვია.აქ ერთდროულად ნახავ დიორის მაღაზიისკენ მიმავალ ლედის და ყინვისგან რკინიგზის სადგურზე გაყინული მათხოვრის დამხმარე ექთანს.ეს ჩვეულებრივი ქალაქია
უელიტარულესი რესტორნით მოცარტით ცენტრში და გოთიკ კლუბი იდეალიზმით შეპყრობილი მოდეპრესიულო ახალგაზრდებით,
ელიტარული ბორდელით და გეი კლუბით,აბანოში თევზის და ლუდისთვის შეკრებილი მეგობრებით და საბჭოთა კავშირის დროს ოპოზოციონერი მხატვრებით,რომლებიც ახალ ბედნიერები ხატავენ იმას,რაც უკვე ტაბუ აღარ არის.აქ,ისევე როგორც ყველგან ბებიები საღამოობით ტელევიზორს არიან მიშტერებულები და შვილიშვილები ვირტუალურ ქსელებშიიყვნენ გახლართულნი,აქ ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და ცხოვრება ზოგისთვის დიორსა და არმანს შორის არჩევანის გაკეთებაა,ზოგისთვის ნათლისღებას გაყინულ წყალში ბანაობა,ზოგისთვის სოციალიზმის ნარჩენებთან ბრძოლა,ან სულაც ნაციზმის მრწამსად ქცევა.
მე სიამოვნებით მოვუყვებოდი გერდის შესახებ ყველა იმ ადამიანს,რომელიც ბავშვობიდან გვეუბნებოდა რომ არსებობს ორი რუსეთი და იმათაც,ვინც გვეუბნებოდა რომ რუსეთში მარტო არყით ცხვირდაწითლებული ივანუშკები და ქართველ კაცებზე მეოცნებე გრძელფეხება ქალები ცხოვრობენ და იმათაც,რომლებისთვისაც პუტინსაც კი დოსტოევსკის მადლი ფარავს,მაგრამ ახლა ეგეთი არავინ მახსენდება,ამიტომ თქვენ მოგიყვებით,თქვენ კი თუ ვინმე მსგავსი მოგეპოვებათ სადმე, ბლოგი დაულინკეთ :)

ხოო,თუ პოსტი აქტუალური აღმოჩნდება,მერე გერდის მეორე პროექტსაც დავდებ,რომელიც ასევე რუსეთში განახორციელა და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ასახავს და არანაკლებ საინტერესოა,ვიდრე მოსკოვური უძილო ღამეები