Wednesday, February 24, 2010

სტატისტიკურმა კვლევებმა ცხადყო რომ მკვეთრად იმატა შემთხვევითი გამვლელების რიცხვმა

საწოლზე ხე ამოვა ჩემი უნაყოფობის დასამალად?
მერე მეორე ხე ამოვა მარტოობის დასამალად,  ორ ხეს შუა წითელ თოკს გავაბამ და  შემთხვევით გამვლელთან ერთად მეორე დილას წინა საღამოს მოყოლილ ამბებს გავფენ. არა გასაშრობად, არა გამოსააშკარავებლად, არა გასახუნებლად, უბრალოდ იმიტომ რომ ხეებმა დაივიწყონ მარტოობის დასამალად რომ ამოვიდნენ. . .

ხეების მეხსიერება ჯერ გაშიფრული არ არის, სამაგიეროდ სტატისტიკურმა კვლევებმა ცხადყო რომ მკვეთრად შემცირდა ადამიანების რიცხვი, ვინც ხეების,ქარების და გადამფრენი ჩიტების გადაცემებს უყურებდა...

მაყურებლები ჯერ არნახული დილემის წინაშე აღმოჩნდნენ: გაურკვეველ განზომილებაში, სადაც ამბები მარტო წარსულ დროში მოიყოლებოდა, ხეებს შუა წითელი თოკები არ შეინიშნებოდა და საყურებელი არაფერი იყო.

ხეების,ქარების და გადამფრენი ჩიტების გადაცემებს ისედაც არავინ უყრებდა, ახლა ხომ მით უმეტეს. სამაგიეროდ,სტატისტიკურმა კვლევებმა ცხადყო რომ მკვეთრად იმატა შემთხვევითი გამვლელების  რიცხვმა. იმდენად,რომ ადამიანები მიხვდნენ, გამვლელი შემთხვევითი არასოდეს არ არის და საერთოდ ბუნებაში შემთხვევითობები  არ არსებობს,ჩვენ ყველანი გრანდიოზული კანონზომიერების ზემოქმედების ქვეშ ვართ.

გრანდიოზული კანონზომიერების საფუძვლები
თავი მეცხრე
თუ ჩემი მარტოობა შენი ზომის აღმოჩნდება,აუცილებლად ამოვა ხე ჩემ საწოლზე მის დასამალად.
თუ წითელ თოკს საკუთარი თმებისგან დაგრეხ,მაშინ ზედ აუცილებლად გაიფინებიან წინა საღამოს მოყოლილი ამბები.
თუ ადამიანებს გაუღიმებ და გემრიელ ჩაის მოუდუღებ,იმის ნაცვლად,რომ კითხო,უყურა თუ არა გუშინ რომელღაცა ყბადაღებულ შოუს,არასოდეს არ იქცევა შემთხვევით გამვლელად.შენთან დარჩება და უფრო საინტერესო ამბებს მოგიყვება,რომელიც საწოლთან ამოსულ ხეებს შუა გაჭიმულ თოკზეც რომ გაფინო,არ გახუნდება.....

კანონზომიერების საფუძვლები სქელტანიანი წიგნი იყო და ბევრი თავებისგან შედგებოდა,რამდენიმე ფურცელი მაშინვე ამოხეული ქონდა და დარჩენილი ფურცლები გაყვითლებული.
მე მოკლეხნიანი მეხსიერება მაქვს( ხეების მეხსიერებისგან განსხვავებით,ჩემი დადგენილია), და მარტო ამ ნაგლეჯის დამახსოვრება მოახერხა და კიდე იმის, რომ გაქცევა არასოდეს არ არის გამოსავალი.
არადა, მაინტერესებს, ხე თუ არ ამოვა საწოლზე და საწოლი ავა ხეზე, რა ხდება, ან თმა თუ სათანადოდ წითელი არ არის, რისგან უნდა დავგრიხო თოკი და თუ საკუთარ სახლში თავს ზოგჯერ არაკომფორტულად ვგრძნობ, სად მოვადუღო ჩაი.
მოკლედ, თუ ვინმე იმ ჩემ წიგნს თვალს მოკრავთ, დამიბრუნეთ.
თუ სხვა თავებს გაიხსენებთ, მომიყევით.
თუ ამბავი გექნებათ, მომიყევით.
თუ შინაგან კომფორტზე მონადირე შემოგეყარათ, გამომიგზავნეთ.

p.s.ხომ  ვამბობ,შემთხვევითი გამვლელები არ არსებობენ თქო,დავაწიოკე სრულიად ინტერნეტი და მსგავსი რამის ფოტო ვერ ვიპოვე :)