Thursday, March 4, 2010

პარაზიტი სიტყვების ტოპ-ათეული და ფსიქო-სქემა

ამ პოსტის დაწერა ძალიან დიდი ხანია მინდოდა, უფრო სწორად, ის, რასაც ახლა დავწერ, დიდი ხნის დაკვირვებების შედეგია.
ის,რომ ჩვენ ყველა ენობრივ სისტემაში ვცხოვრობთ და ჩვენი აზროვნება და ჩვენი ფორმირება და სრულიად ჩვენი ცხოვრება ძალიან,ძალიან არის დამოკიდებული ენაზე, ცალსახაა. ისიც, ადამიანის ლექსიკური მარაგი ადამიანზე ბევრ რამეს ყვება და ისიც,რომ ფსიქოლინგვისტიკა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამეა, რითიც კი როდესმე დავინტერესებულვარ. ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში ვთამაშობ თამაშს, რომელიც ადამიანების  გამოცნობას მისი ენობრივი გარსით ცდილობს და გარდა იმისა რომ თითქმის უწყვეტ რეჟიმში მაქვს გასართობი, იდეალურად ვახერხებ ადამიანის ფსიქოსქემების შედგენას.
ჩვენ ყველას გვაქვს ამოჩემებული ფრაზები, საყვარელი გამოთქმები, სიტყვები, რომლებსაც მხოლოდ რამე კონკრეტულ სიტუაციაში ვამბობთ და კიდევ, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი პარაზიტი სიტყვები. ამჯერად ჩემ ფსიქო სქემას ჩემი პარაზიტი სიტყვების მეშვეობით შევადგენ და მერე იქნებ ეს სიტყვები ნელ-ნელა პარაზიტობას გადავაჩვიო და ჩვეულებრივ სიტყვებად ვაქციო (ხო, მართლა, კი მიხვდებოდით, მაგრამ პარაზიტია სიტყვა, რომელიც საჭიროების გარეშე იხმარება).
ჩემი პარაზიტი სიტყვების ტოპ-ათეულში უპირობოდ პირველ ადგილზეა ხოოოდა.
რომელსაც უკვე კაი ხანია ძალიან ხშირად ვიყენებ, მის პარაზიტობაში მაშინ დავრწმუნდი,როცა არათუ ლაპარაკისას, წერის დროსაც, ყველა მეორე წინადადებაში მინდოდა დამეწერა და ყველა მეოთხეში ვწერდი.
მეორე ადგილზეა: კი არადა. რომელიც არ ვიცი როდის ამოვიჩემე,მაგრამ ფაქტია რომ იდეალურად ერგება ჩემ დაბნეულ აზროვნებასაც და იმასაც რომ ძალიან ხშირად განვიცდი კონკრეტიზაციის უნარის ნაკლებობას და თითქმის ყველაფერს მტავალ პლანში განვიხილავ ხოლმე, ამიტომაც, სანამ რამეს მოვიფიქრებ, 800-ჯერ მაინც ვამბობ ამ საცოდავ ,,კი არადას''.
მესამე ადგილზეა და კიდე. ესეც ჩემი ხასიათის ზუსტი ანარეკლია, მგონია ხოლმე, რომ რაღაც მრჩება და ის რაღაც აუცილებლად უნდა ვთქვა.
მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან ხოლმე  და სულ. არ ვიცი,შეიძლება პერიოდულობის განცდა მაქვს გამძაფრებული, პირიქით, მინდა რომ რაღაცეები ერთჯერადი არ იყოს და იმას ვებღაუჭები რაც ერთჯერადია, ნუ, მოკლედ...
მეეექვსე და მეშვიდე ადგილებზე არიან ზუსტად ვიცი და არ ვიცი, პირველი მაშინ, როცა არ იმპულსები ლაპარაკობენ და მეორე მაშინ როცა მეკითხებიან რამე კონკრეტულს.
მერვე ადგილზეა ვოტ ტაკ, რომელიც დედაჩემს უშლის თურმე ნერვებს და გონია რომ მაგას რომ ვამბობ, მერე ქვეყანაც რო გადაბრუნდეს,მაინც იგივეს გავიმეორებ,არადა, სულაც არ არის ეგრე, უბრალოდ, წერტილის მსგავსი ფუნქცია აქვს, რაღაცას რომ მოვიფიქრებ ან დავამთავრებ ხოლმე.
და ბოლოს: მოკლედ რა...

პ.ს.
ხოო, რაღა თქმა უნდა სასტიკად მაინტერესებს თქვენი პარაზიტობები კი არადა,პარაზიტი სიტყვები,ხოოდა, რამდენიმეს თუ დამიტოვებთ  კომენტარებში, კარგი იქნება...