Sunday, March 14, 2010

იმედის კარგის ტრაკი ანუ ბახ-ბუხ, ბახ-ბუხ, ომობანას ვთამაშობთ

სადაც გავიზარდე, გარშემო არც ერთი გოგო არ ცხოვრობდა და როცა დედაჩემი ძალიან შემაწუხებდა, გადი გარეთ, სუფთა ჰაერი ჩაყლაპეო, სულ ბიჭებთან ერთად მიწევდა თამაში...
90-იანები იყო და ბიჭები, რა თქმა უნდა, ომობანას თამაშობდნენ, თან მთელი სერიოზულობით და ჩემ დანახვაზე ცხვირს იბზუებდნენ ხოლმე, რა ამის საქმეა, ომობანაო...
მეც სადმე პარკის კუთხეში მიწის ჩიჩქვნას ვიწყებდი და მიწის ტორტების მაგივრად მიწის საფლავებს ვაკეთებდი...
პატარა მიწის გორაკები იყო და თავზე ტოტების ჯვრებს ვადგამდი  ჯერ კიდევ  გაუსწორებელ, ახალ საფლავებს...

მაშინ  კარებზე   ხშირად აკაკუნებდნენ ჯარის ფორმიანი საცოდავი ბიჭები და დედა პურს აძლევდა ხოლმე.    ისეთივე ბიჭებს ტელევიზორშიც  აჩვენებდნენ, ოღონდ ისინი როგორც დედა ამბობდა, შიმშილს ვეღარ გრძნობდნენ და პურისთვის კარებზე არასოდეს დააკაკუნებდნენ...

მერე გავიზარდე, ბიჭებმა ფეხბურთის თამაში დაიწყეს, მე გოგოები ვიპოვე და ვიფიქრე, რომ ომობანაზე ბევრად საინტერესო თამაშები არსებობდა...
ხოოდა,ომობანა აღარასოდეს აღარ მითამაშია, უბრალოდ ერთხელ ომმა ითამაშა ჩვენ ცხოვრებაში მთავარი როლი და მაშინ მივხვდი, რომ ომში  მოგებული არ არსებობს, ომში მსხვერპლები არსებობენ და ჩვენ ყველანი ომის მსხვერპლები ვართ, მთელი თაობა...

დღეს, როცა გემრიელი ნაყინით გაბედნიერებული პარნასში წიგნებს ვათვალიერებდით და დედაჩემმა დარეკა,სახლში დროზე მოდი, რუსები მოდიან თბილისშიო, პირველი,რაც ვთქვი,ის იყო, არ ვიცი დედაჩემმა რას უყურა და რამდენად სანდოა,მაგრამ ასე თქვა თქო...მართლა ვთვლი, რომ დედაჩემი და მთელი ერი ტელევიზიით მარტო არასანდო ინფორმაციას ისმენენ და არაფერი არ უნდა დავიჯერო.
 და იმასაც ვთვლი, რომ ჩემი  აპოლიტიკურობის,ნეიტრალურობის,პაციფიზმის და კიდევ სხვა რამეების ფარგლებში, რაც ნაკლებს ვიყაყანებ ყბადაღებულ თემებზე, მით უკეთესი.
დღეს  ის იშვიათი გამონაკლისია,როცა ყბადაღებულ თემას საჩემოდ მივიჩნევ და ვერ ვიქნები მშვიდად:

იმიტომ რომ დღეს კიდევ ახალ რამეებს მივხვდი:

  • ტელევიზია  დაზომბების  იდეალურ ფუნქციას არ იშორებს.
  • ადამიანთა დიდი ნაწილი წესიერად არ იაზრებს იმას,რასაც ისმენს.
  • ტელევიზიებისთვის, ზოგადად, აფსოლუტურად უმნიშვნელია მაყურებლის რეაქცია და  მისი ემოციები.
  • ომი  არ დამთავრებულა არც 90იანებში, არც 2008-ში და რომ ჩვენი ფსიქიკისთვის ის ნეგატიური,მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა.
  • და ადამიანები ჩვენ საკუთარ ქვეყანაში იმდენად დაუცველად ვგრძნობთ თავს რომ   არანაირად არ გვიჭირს დავიჯეროთ, რომ ცამოწმენდილზე რუსების ჯარები თბილისში შემოდიან და პრეზიდენტი  გაქრა.
  •  და რომ ხელიდან წასული, გათახსირებული და  ყველანაირ პროფესიონალიზმს აცილებული ტელევიზიების პრობლემის მოგვარებას ისევ დედის გინებით, აქციებით და ბურჯანაძე-კუკავების გვერდძე დგომით ვცდილობთ.

ძალიან,ძალიან არ მინდა,როდესმე შვილი თუ მეყოლება, ომობანა ითამაშოს, აქციებზე იაროს და ტელევიზიების კარგის ტრაკი იგინოს...
ძალიან არ მინდა, ბავშვობისდროინდელი თამაშის ისევ თამაში...
ძალიან არ მინდა თავს ისევე დაუცველად და მარტო ვგრძნობდე, როგროც მაშინ,საფლავების თხრისას.

და საერთოდ, როდესმე საკუთარ ქვეყანაში ნორმალური საზოგადოება მინდა ნორმალური მასმედიით და ნორმალური განათლების სისტემით.

მორჩით რა ადამიანებო ექსპერიმენტებს საკუთარ მოქალაქეებზე...
ჩვენ უბრალოდ მშვიდად ნაყინის ჭამის და წიგნების თვალიერების უფლებას ვითხოვთ, და კიდევ დაცულობის განცდას იმ ტერიტორიაზე მაინც,რაც დაგვრჩა...