Friday, January 29, 2010

მე-სურათი, შენ-ამბავი, ის მზის ამოვლის საყურებლად არის წასული

არადა,სულ რამდენიმე წერტილი გჭირდება და მე ვარ: თვალებთან, ნესტოები არ გინდა, მაინც პირით ვსუნთქავ, რამდენიმე ნალურსმნალი  და თავზე ერთი გვირილა...

რამდენიმე მძიმე გინდა და შენ ხარ, კავშირების წინ და მერე, გაწყვეტილ აზრებთან და დაუმთავრებელ მოქმედებებთან. . .

მე-სურათი, შენ-ამბავი, ის მზის ამოვლის საყურებლად არის წასული სხვა ისებთან ერთად


ძველი სახლიდან, რომლის კრამიტზეც მეზობლის კატა ერთსა და იმავე ამოჩემებულ ადგილზე ეფიცხება მზეს, აივანზე ყვავილები ზამთარ-ზაფხულ ყვავიან და საბუხრიდან არასოდეს ჩამომძვრალა სანტა-კლაუსი ახალი წლის ღამეს, იმიტომ რომ ყველაზე თეთრთმიანი,ყველაზე გამხდარი და ყველაზე სევდიანამბებიანი ბაბუა უკვე საუკუნეებია ცხოვრობს, ვინმე ძველ პატეფონს გადაწმენდს მტვერს და მუსიკას დაუკრავს. . .

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,როგორი სურათი ხარ,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,როგორ მოგყვებიან, ისევე როგორც იმას,რა ფირფიტა დატრიალდება პირველად ძველ პატეფონზე და ნახავენ თუ არა ისინი მზის ამოსვლას, მთავარია გუგული საათიდან გარეთ გაფრინდა და ახლა საათებს კი არა, დილებს ითვლის და დილაობით გვირილას ჩემ თავზე მორწყვა არ ჭირდება.

ხოოდა,სანამ გვირილას მორწყვა არ ჭირდება,სანამ მხოლოდ რამდენიმე წერტილი ვარ და სანამ გუგულები გარეთ არიან,მივხვდი,რომ ზომაზე მეტი მძინავს,ზომაზე უფრო გულგრილი ვარ ჩემი ბუნდოვანი მომავლის მიმართ და მე მგონი,ილუზიებიც კი დაულაგებელი მაქვს...



ასეა ხოლმე,რაღაც ზომამდე ავდივარ,და მერე რამე სხვას ვიწყებ.


დღეს 5 საათამდე პიჯამოებში ბოდიალმა თქვა რომ ვსიო,ნასტასია,კი,გარეთ ცივა და შენ ყველაფერი გეზარება,თან იქ არაფერი არ ხდება,კი,არ არსებობს სამსახური,რომელიც მოგეწონება და ილუზიების დალაგება ადვილი არ არი,მაგრამ მაინც ვსიო...

რამენაირად შევეცდები გავადამიანურდე,არადა,როგორ მიყვარს ჩემი ასეთი თავი,ფული რო არ მელეოდეს,წერაში და გადაღებაში რო მიხდიდნენ,საქმიანი სახეებით რო არ დადიოდნენ,გარეთ თბილოდეს და მწვანე იყოს,პახოდში რო მივდიოდე და მიყვარდეს,ჩაის რო მიდუღებდნენ და უფრო ბევრს მიღიმოდნენ,მე გავხდებოდი ამბავი...

p.s.ახლა არ ვიცი რა გავხდები,ჯერ არ ჩამომხსნათ კედლიდან