Sunday, September 13, 2009

დედა, ბავშვი, ბებია, იდეალები და აღმოჩენები

იდეალები სავარაუდოდ არ არსებობს...

ან ჩემთან ახლოს არ არსებობს...

სამაგიეროდ არსებობს იდეალთან ახლოს...


როცა ჰორიზონტი არ არსებობს,
სურათი მარტო მთებია,
სამსახურზე არავინ არ ლაპარაკობს და
დავალება დასვენებაა,

დილას გაღვიძება და ნისლში გახვევა იდეალური მდგომარეობაა...


,,ჩემი ბავშვი'' ამბობს რომ ნისლი ცუდია, იმიტომ რომ მთებს ვეღარ ხედავს და ცივა...

გააგებინებ ახლა მაგას რომ ნისლი მთების ფიქრია?

მეტი არა ჩემი მტერი...

ჯერ ის ვერ გადაწყვიტა, "ტოკიო ჰოტელიდან" რომელს გაყვება  დიდი როცა გახდება ცოლად...

ებიამისი ამბობს, რომ ნისლი კი არა, საერთოდაც  მთებია ცუდი...

როცა ასე ახლოს არიან, გონია რომ მასზე ზეწოლას ახდენენ და სურვილი უჩნდება თვითონაც ვინემ შეავიწროვოს...

გარემოს უცნაური აღქმიდან ჰიტ-პარადის თავში ბავშვის დედაა, რომელიც ირწმუნება რომ წინა ცხოვრებაში ღარიბი ბურჟუას ცოლი იყო, ძველ ქალაქში უფულოდ ცხოვრობდა და ძველი ქალაქების შიში იქიდან აქვს გამოყოლილი.

მე მიყვარს დამთხვეულ აზროვნებაზე დაკვირვება.

საინტერესოა, როცა ადამიანებმა არ იციან რაზე იყვნენ უკმაყოფილოები და ათას სისულელეს აცხრებიან.

მე უკმაყოფილო არ ვიყავი, მაგრამ დასვენება მინდოდა, თან მთები და ნისლები მენატრებოდა და კიდევ უკომპიუტეროდ, უტელევიზოროდ და ყურებში მუსიკით დაძინება...ხოოოდა, აღარ მენატრება...



სამაგიეროდ მაქვს ტბა, რომელშიც მთები ცხოვრობენ...

მთები, რომელზე ცოცვაც 10 წლით მეტ სიცოცხლეს ან დაუყოვნებელ სიკვდილს ნიშნავს.

წითელთავიანი კაპელა, რომელიც ტბას და მთებს უხდება და კიდევ ჩემი და წითელის სიყვარულს.

და კიდევ ხის სუნიანი სახლი, რომელიც თამთას უკვე მოეწონა...


აღმოვაჩინე რომ:

  • იხვების გამოკვება მშვენიერი საქმეა.
  • თუ ტბა დედოფლისაა, განსაკუთრებული ექო აქვს.

  • ყვავილები კედელზე ტკბილი სიზმრის გარანტი არ არის.

მოკლედ,ზურგჩანთიანბათინკებიანი ხალხი, სუფთა ჰაერი და უსაქმურობა  ჩემ ფავორიტებში უდაოდ პირველ  ადგილზეა.