Wednesday, September 2, 2009

დეივ პელცერი, დაკარგული ბავშვობა,ახდენილ ოცნება და ბუტაფორიული ბავშვები


ალბათ ყველას ათასჯერ მაინც გაგვიგონია,რომ ბავშვები ჩვენი მომავალია, ბავშვები ყველაზე სუფთა და საყვარელი არსებები არიან და რომ ყველაზე კარგი საქმე ზუსტად ბავშვებზე ზრუნვაა.

როგორც წესი,ასეთი წინადადებების უკან დგანან დგანან ვარდისფერკაბიანი, კიკინებიანი გოგონებიანი და კაცური ნაბიჯებით და გამოხედვით დიდობაზე მეოცნებე,მანქანებზე შეყვარებული ბიჭები,მზრუნველი მშობლები, პარკებში სიარული, ნაყინის გორები, ფერადი ბუშტები, ბევრი სასაჩუქრე ქაღალდი, ბედნიერების ათასი ეფექტი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ბედნიერი ადამიანების სიმრავლე მირჩევნია უბედურებისას, ასეთი ბავშვები თავიანთ სათამაშოებს მაგონებენ, არაბუნებრივები მეჩვენებიან და ერთადერთი, რის თქმის სურვილსაც მიჩენენ, ის არის, რომ ბავშვი, რომელმაც აღარ იცის რაზე იოცნებოს, ხელების დასვრის ეშინია, დამტვრეული თოჯინა არ ეცოდება მე მაყენებს ჭირვეულობის ხასიათზე და სასწრაფოდ გადავერთვები ხოლმე აფრიკელ, ირანელ, ქაბულელ და ათას ეგეთ ბავშვზე, მაგრამ სულ ტყუილად, მარტო იქ არ არიან ბავშვები, რომლებსაც ჯერ ბავშვობა და მერე ცხოვრება არ გააჩნიათ.

აი, მაგალითად დეივი დემოკრატიის შუქურიდან.

დეივ პელცერი თავისი ისტორიის მოყოლას 9 წლიდან იწყებს. იმ დროისთვის  უკვე ავტოფარეხში ცხოვრობდა,
ყოველდღიური ცემისგან მგრძნობელობა ფაქტობრივად დაკარგული ქონდა, სანაგვე ყუთებიდან იკვებებოდა და გამუდმებით სიცივის, მუცლის ტკივილით და კითხვა რატომ-ით იტანჯებოდა.

დეივი არ იყო უპატრონო ბავშვი, როგორც შეგიძლიათ ივარაუდოთ. დედაც ყავდა, მამაც, ძმებიც და ყველა ერთად იმ სახლში ცხოვრობდა, რომელსაც დეივის ავტოფარეხი ეკუთვნოდა.

ბიჭის ტრაგედიის იდეის ავტორი, რეჟისორი და მსოფლოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დედის როლის შემსრულებელი დედა იყო, რომელიც შიზოფრენიით, ალკოჰოლიზმით და აგრესიის უმართავი რაოდენობით იყო აღჭურვილი, შვილს სახელის ნაცვლად ნაცვალსახელით მიმართავდა და მას შემდეგ, რაც დეივმა სახლიდან წასვლა მოახერხა და თავშესაფრებში დაიწყო ცხოვრება, ყველა ღონეს ხმარობდა მისთვის წარსულის დავიწყების შანსის არმისაცემად, საკუთარი თავის, როგორც არარაობის და ოჯახის შემარცხვენელის წარმოსადგენად და დამახინჯებული ბავშვობის კიდევ უფრო დასამახინჯებლად.

დეივმა, როგორც ხდება ხოლმე, გახმაურებული უბედური ამბების მთავარი გმირების ისტორიებში, ყველაფერს გაუძლო, ბავშვობის ოცნება აისრულა, - მფრინავი გახდა, (თან საჭიროზე უფრო მაგარი მფრინავი) და ახლა უკვე თვითონ ზრდის ბიჭს.

როცა სამსახურით და შვილით არ არის დაკავებული, ცხოვრობს სან-ფრანცისკოში, თავის კუსთან ერთად. დღემდე დაწერილი აქვს 7 წიგნი და აქტიურად მონაწილეობდა ჰაიტის დასახმარებელ ოპერაციებში.

ასეთი ისტორიები ზოგადად თავზე საყრელია, გადარჩენილი და შედარებით სუსტი მსხვერპლებით და სავარაუდოდ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ვერაფერს უშველი.

თუმცა ვინ იცის, რაც მეტი ადამიანი გაიგებს და დაფიქრდება, მით ნაკლები პრეცედენტი შეიქმნება

სულ მგონია რომ ასეთი ბავშვები უფრო სიცოცხლისმოყვარულები, ბრძოლისუნარიანები და სამყაროს უკეთ აღმქმელები არიან.
ანუ გემოს უფრო აქტიური რეცეპტორები აქვთ და უკეთ ხვდებიან ბედნიერების, წარმატების, სიმშვიდის, სიყვარულის, სილამაზის, საკუთარი კუს ყოლის, ფრენის და ათასი სხვა ჯანდაბის გემოს.

სავარაუდოდ არსებობს რაღაც, რაც ისევე აკლიათ პლასტმასის ბავშვებს, როგორც ტრაგიკულ რეალურობიან  ბავშვებს სათამაშოები და მოფერება.

ეს რაღაც ემოციური შიმშილის ნიადაგზე ფანტაზიის ნაკლებობა, აღფრთოვანების უნარის დაქვეითება და გულგრილობაა. როცა არ იცი, რას ნიშნავს გინდოდეს ღრიალი, მზად იყო ვინმე მოკლა ან მოკვდე, მზად იყო ყველას დაუმტკიცო, რომ შენ ბავშვი ხარ და დამნაშავეები სხვები არიან.

დამნაშავეები კი მართლა სხვები არიან, რომლების სავარაუდოდ უფრო ადრე სხვა დამნაშვეების გარემოში გაიზარდნენ.

რაც ყველაზე მთავარია, რთულია არ იყო პირველადი ან მეორადი დამნაშავე, ვინაიდან რთულია უპასუხო კითხვებს:

  • როგორ უნდა იზრუნო შენ საუკეთესო მომავალზე?
  • რატომ არის ბავშვებზე ზრუნვა უფრო კარგი საქმე,ვიდრე ხეების დარგვა, წიგნის წერა ან კიბოს საწინააღმდეგო წამლის გამოგონება?
  • ბავშვი ასაკობრივი კატეგორიას მოიცავს თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას?
  • როცა ვამბობთ რომ გაზრდა არ გვინდა ვგულისხმობთ იმას, რომ ის არ გვინდა დამთავრდეს, რაც ბავშვობაში გვქონდა, თუ ის მოვიპოვოთ, რაც სულ გვინდოდა გვქონოდა და არ გვქონია?

პოსტი რო უნდა გამომექვეყნებინა,ავხედე და პირველი სექტემბერი შემრჩა ხელში

და კიდევ, დღეს გავიგე რომ ჩემ უახლოეს მეგობარს სულ რაღაც რამდენიმე კვირის არსება ყავს მუცელში.

ხოოოდა,წაიკითხოს და დაფიქრდეს,როგორ გაზრდის ბავშვს ))